„მენორ რეისინგის“ დირექტორი დეივ რაიანი ამბობს, რომ მისი გუნდი ავსტრიაში პირველი ქულის აღების შემდგ, კიდვ უფრო დდ მონდმებით აგრძელებს მუშაობას, რათა შემდგომ რბოლებში კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიოს. მართალია, მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა, მაგრამ პასკალ ვერლაინი ავსტრიული რბოლის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გახდა.
ეს ერთადერთი ქულა „მენორისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით, გუნდს „ზაუბერის“ ჯობნა და კონსტრუქტორთა თასზე მე-10 ადგილის დაკავება შეუძლია, რაც მას ჯილდოს სახით, მილიონობით დოლარს მოუტანს. თუმცა სეზონის დასრულებამდე ჯერ ბევრი რბოლაა და არაა გამორიცხული, რომ შვეიცარიულმა გუნდმაც შეძლოს ქულების აღება. ამიტომ, „მენორი“ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს.
„ჩვენ ვიცით, რომ „ზაუბერმა“ ყველაზე რთული პერიოდი გაიარა და ისინიც განვითარდებიან. ამიტომ ყველა რბოლაში უნდა ვეცადოთ იმის მაქსიმუმის მიღწევას, რაც შეგვიძლია. მთავარი ისაა, თუ რამდენი ქულა გვექნება სეზონის ბოლოს და არა ის, თუ რამდენი გვაქვს ახლა. ამიტომ, თვითკმაყოფილებას არ მივეცემით. ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ამიერიდან კიდევ უფრო მეტად მოვინდომებთ, რადგან ვიცით, რომ ამას შედეგი მოაქვს“, - ამბობს რაიანი.
მისი თქმით, ეს მიღწევა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ბოლო სამი რბოლა ისეთ ტრასებზე ჩატარდა, რომლებსაც „მერსედესის“ ძრავი კარგად ერგება. მსგავს ტრასებზე კი შემდეგში კიდევ არაერთი ეტაპი გაიმართება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდს ყველა ტრეკზე თანაბრად შეეძლოს ასპარეზობა. ამ შემთხვევაში, შედეგებიც უფრო სტაბილური იქნება. რაც მთავარია, „მენორი“ ახლა კიდევ უფრო მოტივირებულია, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს - რაიანს ამის სჯერა.
ის დასძენს, რომ სილვერსტოუნისთვის გუნდმა რამდენიმე მცირე ტექნიკური სიახლე მოამზადა. მათგან ზოგი აეროდინამიკურია, ზოგი კი - მექანიკური. ამის შემდეგაც, რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტის შემუშავება იგეგმება.









