ნიკო როსბერგმა ბოლო ცდაზე შეძლო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონის ჯობნა და გერმანიის დიდი პრიზის რბოლის სტარტის მოწინავე პოზიციის დაკავების უფლება მოიპოვა. ჰამილტონმა თავის ბოლო ცდაზე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, გერმანელ თანაგუნდელს 0.107 წამით ჩამორჩა.
როსბერგმა კვალიფიკაციის მესამე ნაწილში მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა მოასწრო. პირველ გამოსვლაზე მან ეს ვერ მოახერხა, რადგან ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ბოქსებში შეუხვია. ბედად, გუნდმა მის ბოლიდზე ელექტრონიკა დროულად მოიყვანა ჭკუაზე და როსბერგს სწორედ ის ერთი შანსი მიეცა, რომელიც მან შესანიშნავად გამოიყენა.
„დიდებულ განწყობაზე ვარ. შესანიშნავი წრე იყო. ავზში დამტებითი საწვავიც მესხა ყოველი შემთხვევისთვის, რომ დამატებითი ცდის საშუალება მქონოდა. მაგრამ ამ ერთითაც კმაყოფილი დავრჩი და მეორეზე აღარ წავედი“, - ამბობს როსბერგი, ვისთვისაც ეს კარიერაში 27-ე პოულია და ამ სეზონში მეხუთე. გარდა ამისა, „მერსედესის“ პილოტებმა ბოლო 50 რბოლაში 47-ე პოული მოიპოვეს. გერმანულმა გუნდმა ამ სეზონში ერთის გარდა, ყველა მოწინავე პოზიციიდან დაიწყო.
მეორე რიგში ორივე ადგილს „რედ ბულის“ პილოტები დაიკავებენ. მათგან უფრო სწრაფი დანიელ რიკიარდო იყო, რომელმაც ერთი კვირის წინ, უნგრეთის რბოლაშიც მესამე ადგილი დაიკავა. ავსტრალიელი როსბერგს 0.363 წამით ჩამორჩა, რაც მას რბოლის წინ ოპტიმისტურად განაწყობს.
მესამე რიგში „ფერარის“ პილოტები დადგებიან. მათგან უფრო სწრაფი კიმი რაიკონენი იყო. სებასტიან ფეტელმა „ფერარის“ ბოლიდით შინაურ ეტაპზე პირველად იასპარეზა და თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა.
კვალიფიკაცია კინაღამ გამოტოვა ჯენსონ ბატონმა, ვისაც პრაქტიკების შემდეგ, თვალი გაუღიზიანდა და იმდენად შეაწუხა, რომ მანჰაიმის ჰოსპიტალში წაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი, თვალში უცხო სხეულის მოხვედრა იყო. საბოლოოდ, პრობლემა აღმოიფხვრა და ბრიტანელმა მრბოლმა კვალიფიკაციაში იასპარეზა, თუმცა მხოლოდ მე-12 შედეგს დასჯერდა.
გერმანიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:14.363
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.470
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.726
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:14.834
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:15.142
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:15.315
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.510
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:15.530
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:15.537
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.615
- - - - - - - - - -
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:15.883
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.909
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:15.989
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:16.041
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:16.086
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:16.665
- - - - - - - - - -
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:16.716
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:16.717
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:16.876
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:16.977
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:17.123
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:17.238







