კიმი რაიკონენი ამბობს, რომ თუ მაქს ფერსტაპენი თავის თავდაცვით აგრესიას არ დაიოკებს, შეიძლება დიდი ინციდენტი გამოიწვიოს. „ფერარის“ პილოტი ამბობს, რომ კემელის სწორზე, როცა ფერსტაპენის გასწრებას ცდილობდა, მისი უხეში მანევრის გამო, დამუხრუჭება დასჭირდა, რათა შეჯახება თავიდან აეცილებინა.
„მე სამართლიანი პაექრობის და მჭიდრო რბოლების მომხრე ვარ. მაგრამ როცა ო რუჟს გაივლი და მერე იმისათვის, რომ სწორეზე წინა მანქანას არ დაეჯახო, დამუხრუჭება გიწევს, თან მაშინ, როცა მანევრი უკვე დაწყებულ გაქვს, ეს კორექტული არაა. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები დიდ ინციდენტებს იწვევს“, - ამბობს რაიკონენი.
ფინელმა „რედ ბულის“ პილოტი რბოლის დროსაც, რადიო საუბრების დროსაც გააკრიტიკა. მაშინ მან თქვა, რომ „მისი (ფერსტაპენის) ერთადერთი მიზანი, მისი (რაიკონენის) ტრასის გარეთ გადაგდებაა. მაქსიმალურ სიჩქარეზე მოულოდნელად დამუხრუჭებამ მომიწია. მსგავსი რამ არცერთ სხვა პილოტთან არ მქონია. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, უზარმაზარ სიჩქარეზე დავეჯახებოდი. ჰოდა, რაღაც ისე ვერ არის“.
იმავდროულად, რაიკონენს პირველი მოსახვევის ინციდენტისთვის არავინ გაუკრიტიკებია. იქ ერთბაშად სამ პილოტს - თავად მას, ფერსტაპენს და სებასტიან ფეტელს ჰქონდა კონტაქტი. „ძნელი სათქმელია. ჩანაწერი არ მინახავს. ის ვიცი, რომ ორ მანქანას შორის მოვყევი“.







