საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩში სლოვაკეთი სტუმრად დიდი ანგარიშით 94:63 დაამარცხა. ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი თორნიკე შენგელიამ, ზაზა ფაჩულია, მაიკლ დიქსონმა, ბექა ბურჯანაძემ და დუდა სანაძემ გადალახეს. ყველაზე შედეგიანი გახლდათ შენგელია, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (18ქულა, 9 მოხსნა). ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი დიქსონს (23) ჰქონდა.
ბერძენმა სპეციალისტმა სათამაშო დრო თორმეტივე კალათბურთელს მისცა და მოედანი უქულოდ მხოლო ბექა ბექაურმა და ანატოლი ბოისამ დატოვეს. ქართველებმა 21 სამქულიანიდან 11 გამოიყენეს, ხოლო 26 ორქულიანიდან 16 ზუსტად ჩააგდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ზუროსის შეგირდები უხეშობით არ გამოირჩეოდნენ და 2 პერსონალურ ჯარიმაზე მეტი არავის ჰქონია. მეტოქე კი ხისტად თამაშობდა და სამი კალათბურთელი ვადაზე ადრე გამოეთიშა თამაშს. სლოვაკების მხრიდან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა.
სლოვაკეთის კალათბურთის ფედერაციას შეხვედრის ლაივსტრიმი უნდა უზრუნველყო, თუმცა ქართველმა გულშემატკივრებმა თამაში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ნახეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო FIBA სლოვაკურ მხარეს სანქციას დააკისრებს.
ილიას ზუროსის გუნდმა ორიდან ორი მატჩი მოიგო და მომდევნო შეხვედრა შინ ჩერნოგორიასთან 7 სექტემბერს ელის.









