ფორმულა 1-ში დღეს „მერსედესის“ გუნდი ბატონობს. სამქიმიანებს უკვე სამი სეზონია, ბადალი არ ჰყავთ. საქმეს არც ის გარემოება შველის, რომ მეტოქეებმა შეძლეს ძრავების მახასიათებლებით გათანაბრება. არც აეროდინამიკის დახვეწა. ისრების შეჩერება კვლავაც შეუძლებელია. და ამიტომ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა, მათს შინაურ საქმედ იქცა.
იტალიის დიდი პრიზის დროს, პადოკში გაისმა ვარაუდი იმის შესახებ, რომ სამქიმიანების უპირატესობის მთავარი მიზეზი, მათი შასი, უფრო კონკრეტულად კი საკიდარია. ამ თემაზე გამოკვლევა ჩაატარეს გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ექსპერტებმა, რომლებმაც ამისათვის, პადოკში შეგროვებული ინფორმაცია, ფოტოები და სხვა მასალები გამოიყენეს. საკითხის მისეული, ღრმა ანალიზი ჩაატარა ცნობილმა ტექნიკურმა ექსპერტმა ჯორჯო პიოლამ.
„მერსედესის“ უპირატესობის განსამარტად, პიოლა გვახსენებს სისტემა FRIC-ს (წინა და უკანა საკიდარების დაკავშირებული სისტემა), რომელიც FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) 2014 წელს აკრძალა. ამ სისტემაში გამოყენებული იყი ჰიდრავლიკური აკუმულატორები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა ოთხივე ბორბლის დაკიდების სისტემას და აუმჯობესებდა არამხოლოდ გზასთან საბურავების მექანიკურ ჩაჭიდებას, არამედ აეროდინამიკურ შესაძლებლობებსაც რბოლის პროცესშივე უკეთებდა კორექტირებას.
პიოლას განმარტებით, მნიშვნალოვანია იმის აღნიშვნა, რომ თავისი ხასიათის მიუხედავად, ჰიდრავლიკით კონტროლირებადი საკიდარი არაა მიჩნეული აქტიურ საკიდარად. ესაა პასიური სისტემები, რომლებიც იმგვარად არის მომართული, რომ დაკიდების სისტემამ ჰარმონიულად იმუშაოს და ის არ რეაგირებს გარკვეულ სიტუაციებზე. ამგვარად, მასზე აქტიურობის დაბრალება (აქტიური საკიდარი კი აკრძალულია) ვერ მოხერხდა. თუმცა FIA-მ მოძებნა მიზეზი, რომელმაც FRIC-ის აკრძალვის შესაძლებლობა მისცა - ეს სისტემა აეროდინამიკის მოძრაობისას რეგულირებას იწვევდა.
W07-ის შემთხვევაში, საკიდარსა და აეროდინამიკას შორის კავშირი კვლავ არსებობს, თუმცა პირველი არ იწვევს მეორის ცვლას, მაგრამ იმავდროულად, ინჟინრებს ჰაერის ნაკადის კონტროლირებაში ეხმარება. ამის წყალობით, სარბოლო ავტომობილი, მისი საკიდარი, პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ტრასაზე ძალიან სტაბილურად და ეფექტურად მუშაობს.
მიზეზი ისაა, რომ FRIC-ის აკრძალვის შემდეგაც, გუნდებმა გააგრძელეს მსგავსი ტიპის სისტემებზე მუშაობა. „მერსედესმა“ აქცენტი კვლავ ჰიდრავლიკური სისტემების გამოყენებაზე გააკეთა, რომლის საშუალებითაც, მოსახვევების გავლისას, თუ დამუხრუჭებისას, შასის სტაბილურობაა გაუმჯობესებული. და ეს სტაბილურობა მაშინაც შენარჩუნებულია, როცა პილოტები მოსახვევებში საკმაოდ უხეშად იყენებენ კერბებს.
სხვა გუნდების მსგავსად, „მერსედესი“ წინაც და უკანაც იყენებს დამატებით, მესამე დრეკად ელემენტს, რომელიც განსაკუთრებით დამუხრუჭებისას, ავტომობილის ვერტიკალურ დახრებს ზღუდავს და ამით, გზის საფარისგან დაშორების სტაბილურობას ინარჩუნებს და ამით, ავტომობილის მდგრადობას აუმჯობესებს. ეს კი პილოტს მოსახვევის უფრო სწრაფად გავლის საშუალებას აძლევს. მაგრამ მეტოქეებისგან (მათი უმეტესობა მესამე ელემენტად ზამბარა-ამორტიზატორის ტანდემებს იყენებს) განსხვავებით, სამქმიანების მესამე დრეკადი ელემენტიც ჰიდრავლიკურია.
ამ სისტემის სირთულის და მისი უკეთ მომსახურებისთვის, „მერსედესის“ ბოლიდზე ამ მესამე ელემენტის მდებარეობის ადგილი გახსნილია. 2013 წლამდე ასეთი გახსნილი ადგილის დაფარვის უფლება გუნდს არ ექნებოდა. მაგრამ მაშინ რეგლამენტში მცირე შესწორება შეიტანეს, რათა აუტსაიდერ „მენორისთვის“ ავტომობილის მოდფიცირების საშუალება მიეცათ. სწორედ ეს შესწორება გამოიყენა „მერსედესმა“, რომელმაც თავისი მესამე დრეკადი ელემენტი სიფრიფანა დეტალით დაფარა. გარდა ამისა, გერმანულ გუნდს ეგრეთ წოდებული S-ჰაერსადინარის დაყენების საშუალება მიეცა, რომელიც მის მანქანაზე გასული სეზონის მიწურულს გამოჩნდა და ეს გადაწყვეტა შემდგომში სხვა გუნდებმაც გამოიყენეს. ამ სადინარის დახმარებით, ბოლიდის ცხვირის ქვედა ნაწილიდან აღებული ჰაერის ჭავლი, ზედა ნაწილში გადამისამართდება, რაც ავტომობილის გარსშემოდენილობას აუმჯობესებს.
მუდმივად სტაბილურ საკიდარს, მანქანისთვის სხვა უპირატესობებიც მოაქვს. კერძოდ, შესაძლებელია მოსახვევში მოძრაობისას და დამუხრუჭებისას, აეროდინამიკური მახასიათებლების სტაბილურად შენარჩუნება, რასაც გზისგან პრაქტიკულად მუდმივი დაშორების პირობებში, ჰაერის სტაბილური ნაკადები უზრუნველყოფს. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლებელი ხდება საბურავების სამუშაო რეჟიმში შენარჩუნება.
მონცას რბოლის შემდეგ, გუნდებმა სწორედ ამ სისტემის შესახებ იმსჯელეს. რამდენიმე მათგანს სურდა მისი აკრძალვა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ტექნიკური რეგლამენტის შეცვლისთვის აუცილებელია, რომ მას ყველა გუნდმა ერთხმად დაუჭიროს მხარი, რაც გამორიცხულია. ამიტომ მეტოქეებს მსგავსი სისტემების შემუშავება თავად მოუწევთ. სხვათა შორის, იმავე „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, „რედ ბულს“ უკვე ათვისებული აქვს ასეთი სისტემა და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ხარებმა შეძლეს „ფერარის“ ჩამოტოვება. ჰიდრავლიკის ათვისება უკვე დაიწყეს „რენომ“ და „ზაუბერმა“, თუმცა მათი სისტემები ჯერ განვიტარების ადრეულ ფაზაშია.









