როგორც სერხიო პერესი ამბობს, ის იძულებული გახდა, მომავალ სეზონთან დაკავშირებით, გადაწყბვეტილების მიღება გადაედო. არადა, ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ სინგაპურის დიდი პრიზისთვის ყველაფერი გარკვეული ექნებოდა. მექსიკელ პილოტს მომავალ სეზონზე კონტრაქტი გარანტირებული აქვს „ფორს ინდიასთან“, თუმცა მასზე ხელის მოწერა, მის სპონსორებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ინდური გუნდის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
მართალია, „ფორს ინდიამ“ მათთან თანამშრომლობის პირობები შეცვალა, მაგრამ სპონსორებს ეს არ ანაღვლებთ. მათი მთავარი საზრუნავი, ჩეკოსთვის უკეთესი მომავლის გარანტირებაა. მათი სურვილია, რომ მექსიკელი პილოტი საქარხნო მხარდაჭერის მქონე გუნდში მოხვდეს.
სინგაპურში პერესმა განაცხადა, რომ კონტრაქტთან დაკავშირებით, მცირე დეტალები დარჩა შესათანხმებელი: „იმედი მქონდა, რომ ჩემს გეგმებს აქ შეგატყობინებდით. მართალია, მცირე შეფერხება გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ რბოლამდე გაგაგებინებთ, თუ სად ვიქნები მომავალ სეზონში“, - ამბობს პერესი.
პერესის მენეჯერები და სპონსორები მოლაპარაკებას „უილიამსთან“ და „რენოსთან“ აწარმოებდნენ. მაგრამ მათთან შეთანხმება იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შედგა, რომ მექსიკელი ერთწლიან კონტრაქტს მოითხოვდა, რათა 2018 წლისთვის თავისუფალი აგენტი. სწორედ ამ დროისთვის არის მოსალოდნელი „ფერარიში“ ადგილის გათავისუფლება და პერესიც ამ ადგილს უმიზნებს.
ამჟამად კი ის ამბობს, რომ თავის მომავალს ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც „ფორს ინდიას“ დატოვებს: ყოველთვის ვამბობ, რომ ვიქნები ძალიან ბედნიერი, თუ იქ დავრჩები, სადაც ახლა ვარ“, - ამბობს ჩეკო და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი სეზონიდან, „ფორს ინდია“ შეძლებს დიდ გუნდებთან პაექრობას.
„რეგლამენტის წინა დიდი ცვლილების (2014 წელს) შემდეგ, მესამე რბოლაშივე (ბაჰრეინი) კვარცხლბეკზე ავედი. ასე რომ, ჩვენ გვაქვს საკმაო პოტენციალი იმისათვის, რომ იგივე გავიმეოროთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავალთ და „ფრარისთან“, „რედ ბულთან“ და „მერსედესთან“ პაექრობასაც შევძლებთ. თუმცა ეს იოლი არ იქნება“.









