ნიკო როსბერგი თავის კარიერაში მე-200 რბოლას პოულიდან დაიწყებს - გერმანელმა პილოტმა კიდევ ერთხელ მოუგო კვალიფიკაცია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს და შანსი აქვს, ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს. უფრო მეტიც, სტარტზე მათ შორის დანიელ რიკიარდო ჩადგება, რომელიც როსბერგს ნახევარ წამზე მეტით ჩამორჩა. ჰამილტონი კი მესამე პოიზიციას დასჯერდა.
როსბერგისთვის ეს კარიერაში 29-ე პოულ პოზიციაა და შანსი აქვს, ამ სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვოს. ამაში კი ის ფაქტორი დაეხმარება, რომ სინგაპურის ქუჩებში გამავალი ტრასა, გასწრების მინიმალურ შესაძლებლობას იძლევა. „მერსედესის“ პილოტმა თავის პოულის წრეს, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.
ჰამილტონმა კი, ვისაც სინგაპურში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ბოლო ცდაზე შეცდომა დაუშვა და თანაგუნდელს 0.704 წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, ისიც და როსბერგიც პრაქტიკების დაწყებამდეც ამბობდნენ, რომ „რედ ბულის“ დამარცხება ძნელი იქნება. მართალია კვალიფიკაციაში ხარებს აჯობეს, მაგრამ რბოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუნდაც ისეთ რთულ ტრასაზე, როგორიც სინგაპურის ქუჩებია.
თავისი მახასიათებლებით, სინგაპურის ტრეკი ახლოსაა მონაკოსთან, სადაც რიკიარდოს გამარჯვებაში ხელი უხეირო პიტ სტოპმა შეუშალა. მაშინ ავსტრალიელი ძალიან გაწბილებული დარჩა და კვარცხლბეკზე დანა პირს არ უხსნიდა. ახლა კი შანსი აქვს, ის დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაუროს. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ მისი მიზანი წინა რიგში დადგომა იყო და ამას მიაღწია.
„რედ ბულის“ თინეიჯერი მაქს ფერსტაპენი ჰამილტონის გვერდზე დაიკავებს ადგილს, რომელსაც მეათედ წამზე ნაკლებით ჩამორჩა. საინტერესოა, რომ პრაქტიკის მას კურიოზი შეემთხვა - წინ გიგანტურმა ხვლიკმა გადაურბინა.
მეხუთე პოზიციას დასჯერდა კიმი რაიკონენი, ვინც კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, ერთ მომენტში ყველაზე სწრაფიც იყო. არ გაუმართლა მის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, რომელსაც კვალიფიკაციის პირველივე ნაწილში, პირველივე სწრაფ წრეზე, წინა სტაბილიზატორი დაუზიანდა და რბოლას გამოეთიშა, რადგან დარჩენილ დროში მისი შეკეთება ვერ მოესწრო. ამგვარად, სინგაპურის შარშანდელი რბოლის გამარჯვებული (სულ კი ეს რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული) სტარტზე ამჯერად ბოლო პოზიციას დაიკავებს.
სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.584
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.115
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:43.288
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:43.328
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:43.540
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:44.197
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:44.469
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:44.479
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:44.553
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:44.582
- - - - - - - - - -
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:44.740
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:44.991
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.144
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:45.593
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:45.723
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:47.827
- - - - - - - - - -
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:46.825
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:46.860
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:46.960
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:47.667
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:48.296
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:49.116









