ავტოსპორტი

3:07 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-200 რბოლის მოგებით დაბრუნებული ლიდერობა

ნიკო როსბერგმა სინგაპურის დიდი პრიზი მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. მისი მთავარი კონკურენტი და თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და თუ სინგაპურამდე გერმანელს ორ ქულას უგებდა, ახლა მასვე რვით ჩამორჩება. მეორე ადგილი დანიელ რიკიარდომ დაიკავა. ამ სამეულის განლაგება კვალიფიკაციის შემდეგ არ შეცვლლა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რბოლა მონოტონური და უინტერესო იყო. პირიქით.

„მანქანა ზღვარზე იყო, როგორც ყოველთვის არის ხოლმე აქ, სინგაპურში. ასე რომ, ძალიან მიხარია, რომ რბოლა ასე დავასრულე“, - განაცხადა როსბერგმა, ვისთვისაც ეს კარიერაში ფ1-ის მე-200 რბოლა იყო. მან ეს გამარჯვება ურთულეს პაექრობაში მოიგო, რომლის მიწურულსაც, ძალიან სწრაფად წამოეწია რიკიარდო. თუმცა არა იმდენად, რომ გასწრება ეცადა.

როსბერგისთვის ეს ამ სეზონში მერვე გამარჯვებაა, რომელთაგან ბოლო სამი ზედიზედ მოიპოვა. სულ კი მას კარიერის განმავლობაში უკვე 22 რბოლა აქვს მოგებული. საინტერესოა, რომ მან პირველად გაიმარჯვა სინგაპურში, სადაც აქამდე მხოლოდ ჩემპიონები იგებდნენ.

რბოლის გადამწყვეტი მომენტი მის მეორე ნახევარში, მას შემდეგ დადგა, რაც რიკიარდომ მესამე პიტ სტოპი შეასრულა. ამ დროს, როსბერგი სოფტებით იყო და წესით, ბოქსში ისიც უნდა შესულიყო. მაგრამ რადიოთი უთხრეს, ბოლომდე მაგ რეზინით მიაწექიო. როგორც ჩანს, სამქიმიანებმა გარისკვა გადაწყვიტეს, რადგან რბოლის დასაწყისიდანვე, მათს ორივე მანქანას მუხრუჭების პრობლემები ჰქონდა და ნიკოს სარბოლო ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ მუხრუჭების მდგომრეობა გაუარესდებოდა, მესამე პიტ სტოპი წამგებიანი იქნებოდა.

მაგრამ მუხრუჭებმა გაძლო, რიკიარდ კი ულტრა სოფტების წყალობით, რომლებიც 48-ე წრეზე შესრულებული მესამე პიტ სტოპისას დაუყენეს, ლიდრს წრეზე 2.5-3.0 წამს უგებდა! მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ყოველ შემდგომ წრეზე, ავსტრალიელის ახალი საბურავების უპირატესობა თანდათან შემცირდებოდა. თითქმის ასეც მოხდა. მდევარი ლიდერს ბოლო წრეზე წამოეწია და DRS-ის სიშორეზეც მიუახლოვდა, მაგრამ ერთი შეტევაც ვეღარ მოასწრო. როსბერგმა ფინიშზე 0.488 წამით აჯობა.

თავის მხრივ, საინტერესო ბრძლა გადახდა ჰამილტონსაც, რომელსაც თავიდანვე გადაუხურდა მუხრუჭები და შედარებით ნელ ტემპში უწევდა რბოლა. 34-ე წრეზე კი შეცდა და ამით კიმი რაიკონენმა ისარგებლა. თუმცა მესამე პიტ სტოპი ფინელზე სწრაფად შეასრულა, რამაც მცირე უპირატესობა მიანიჭა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ეს უპირატესობა კარგად გამოიყენა.

შესანიშნავად იასპარეზა სინგაპურის შარშანდელი რბოლის გამარჯვებულმა სებასტიან ფეტელმა, ვინც სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო, თუმცა ფინიშთან მეხუთე მივიდა. თან გამარჯვებულთან მხოლოდ 27 წამი წააგო.

რბოლის სტარტზევე ავარია მოხდა, რომლის გამოც, ასპარეზობას ნიკო ჰულკენბერგი გამოეთიშა. გერმანელმა შესანიშნავი სტარტი აიღო და ერთდროულად „ტორო როსოს“ ორივე პილოტის გასწრება სცადა, რომლებიც თავის მხრივ, მაქს ფერსტაპენს უტევდნენ. სასტარტო ციებ-ცხელებისას, ნიკომ თავისი მანქანა დანილ კვიატის ბოლიდს მოარიდა, მაგრამ კარლოს საინსს კი დაეჯახა. შეჯახებამ მისი „ფორს ინდია“ 90 გრადუსით მოატრიალა და სანამ კედელს შეასკდებოდა, ფერსტაპენს წინ ჩაუქროლა. ამან შეჯახებას ძლივს მოარიდა თავისი „რედ ბული“. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, ჰულკენბერგი კი ბედად გადარჩა და რამდენიმე წუთში, უკვე სკაი სპორტს აძლევდა ინტერვიუს...

რბოლის დასაწყისში, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. რესტარტიდან მოკლე ხანში, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, მოულოდნელად სტიუარდი გამოვიდა, რომელმაც ტრასაზე ნამსხვრევი შენიშნა და მისი მოშორება გადაწყვიტა. მაგრამ როსბერგი და მთელი პელოტონი ძალიან მალე მიუახლოვდა. ბედად, სტიუარდმა დროულად შენიშნა ბოლო მოსახვევიდან გამოსული ბოლიდი და უსაფრთხო ადგილს მიაშურა. მართალია, სანამ თავს შეაფარებდა, როსბერგმაც და რამდენიმე პილოტმაც ჩაუქროლა, მაგრამ მთავარია, რომ განსაცდელს გადარჩა. და იმ ნამსხვრევის მოშრებით, რბოლის მონაწილეებიც შესაძლო განსაცდელისგან იხსნა.

სინგაპურის დიდი პრიზი

მარინა ბეი, დისტანცია 308.828 კმ (5.065 კმ, 61 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:55:48.950
  2. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) +00:00.488
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:08.038
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:10.219
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:27.694
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 01:11.197
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:29.198
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:51.062
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 01:51.557
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 01:59.952
  11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  14. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  18. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 2 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 18 წრე

გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 26 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 61 წრე

სტ.გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 61 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა, სტ.გ - სტარტის გარეშე

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკიარდო - 1:47.187, 49-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 273 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 265; 3. დანიელ რიკიარდო - 179; 4. სებასტიან ფეტელი - 153; 5. კიმი რაიკონენი - 148; 6. მაქს ფერსტაპენი - 129; 7. ვალტერი ბოტასი - 70; 8. სერხიო პერესი - 66; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 46; 10. ფელიპე მასა - 41; 11. ფერნანდო ალონსო - 36; 12. კარლოს საინსი - 30; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. დანილ კვიატი - 25; 15. ჯენსონ ბატონი - 17; 16. კევინ მაგნუსენი - 7; 17. პასკალ ვერლაინი - 1; 18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 19. ესტებან გუტიერესი - 0; 20. ჯოლიონ პალმერი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) - 0; 24. ესტებან ოკონი 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 538 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 316; 3. ფერარი - 301; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 112; 5. უილიამს-მერსედესი - 111; 6. მაკლარენ-ჰონდა - 54; 7. ტორო როსო-ფერარი - 47; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 7; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090998