საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა 1-ის 2017 წლის სეზონის კალენდრის პირველადი ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისევ 21 ეტაპია შესული, თუმცა ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამი ეტაპის - კანადის, გერმანიის და ბრაზილიის დიდი პრიზების გამრთვა. კვლავ კალენდარშია იტალიის დიდი პრიზი, რომლის მომავალიც კარგა ხანს გაურკვეველი იყო.
გერმანული ეტაპის სათუობა იმის შედეგია, რომ ჰოკენჰაიმრინგს არ სურს რბოლის ყოველწლიურად მასპინძლობა. ნურბურგრინგს კი ამ ძვირი სიამოვნებისთვის ზურგი აქვს შექცეული. მოკლედ, ისევ ჰოკენჰაიმის გადასაწყვეტია, ჩატარდბა თუ არა გერმანული ეტაპი. თუ არა, გასული სეზონის შემთხვევა განმეორდება, როცა დიდი პრიზების ქარავანმა ამ ქვეყანას გვერდი აუარა.
რაც შეეხება კანადას, ბერნი ეკლსტოუნი დაჟინებით მოითხოვს მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ტრეკის მოდერნიზაციას. რბოლის ორგანიზატორებისგან მას ამ მოთხოვნაზე ჯერ საბოლოო პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, რბოლის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. იგივე პრობლემაა სან პაულუს ინტერლაგუშთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბრაზილიელები საქმის სასწრაფოდ გამოსწორების პირობას დებენ და სავარაუდოდ, მათი ეტაპი მალე მიიღებს საბოლოო დასტურს. სხვათა შორის, მათ მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლამდე აქვთ.
სხვა მხრივ, მომავალი წლის კალენდარი ჯერჯერობით წლევანდელისგან არ განსხვავდება. სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს თარიღების მცირე კორექტივები. მათ შორისაა ისიც, რომ ივლისში ოთხი ეტაპი ჩაეტია. ერთ თვეში ოთხი რბოლა კი იშვიათი მოვლენაა. კვლავ ერთკვირიანი შუალედია კანადურ და აზერბაიჯანულ ეტაპებს შორის. ამასთან, ბაქოს რბოლა კვლავ ემთხვევა ლე მანის 24-საათიან რბოლას.
ადგილებს ცვლიან მალაიზიის და სინგაპურის ეტაპები. მათ შორის ერთკვრიანი შუალედი აღარ იქნება. სამაგიეროდ, სინგაპური და იაპონია რბოლებს ერთიო კვირის განმავლობაში უმასპინძლებენ. ასეთივე სიახლოვე იქნება აშშ-ის და ბრაზილიის ეტაპებს შორის. ამ სეზონში ტექსასური ეტაპი მექსიკურთან არის „დაწყვილებული“.
ადგილებს ცვლიან ჩინეთი და ბაჰრეინი. ცისქვეშეთში ფ1 მეორე ეტაპს გამართავს, რომელსაც ბაჰრეინული ეტაპი მოჰყვება. პირველი კვლავ ავსტრალიაა, ბოლო კი - აბუ დაბი.
ფორმულა 1-ის 2017 წლის სეზონის კალენდარი (წინასწარი ვერსია)
- ავსტრალია (მელბურნი) – 26 მარტი
- ჩინეთი (შანჰაი) – 9 აპრილი
- ბაჰრეინი (ბაჰრეინი) – 16 აპრილი
- რუსეთი (სოჭი) – 30 აპრილი
- ესპანეთი (ბარსელონა) – 14 მაისი
- მონაკო (მონაკო) – 28 მაისი
- კანადა * (მონრეალი) – 11 ივნისი
- აზერბაიჯანი (ბაქო) – 18 ივნისი
- ავსტრია (შპილბერგი) – 2 ივლისი
- ბრიტანეთი (სილვერსტოუნი) – 9 ივლისი
- უნგრეთი (ბუდაპეშტი) – 23 ივლისი
- გერმანია * (ჰოკენჰაიმი) - 30ივლისი
- ბელგია (სპა-ფრანკორშანი) – 27 აგვისტო
- იტალია (მონცა) - 3 სექტემბერი
- მალაიზია (სეპანგი) – 17 სექტემბერი
- სინგაპური (სინგაპური) – 1 ოქტომბერი
- იაპონია (სუზუკა) – 8 ოქტომბერი
- აშშ (ოსტინი) – 22 ოქტომბერი
- მექსიკა (მექსიკო სიტი) – 5 ნოემბერი
- ბრაზილია * (სან პაულუ) – 12 ნოემბერი
- აბუ დაბი (გაერთიანებული საემიროები) – 26 ნოემბერი
შენიშვნა - * დადასტურება სჭირდება









