საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც დღეს დუბლინში, ირლანდიას ეთამაშება, დაინომრა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისმა გუნდში თავდაპირველად 25 მოთამაშეს უხმო, თუმცა ტრავმების გამო ნაკრებს ორი მცველი, უჩა ლობჟანიძე და დავით ხოჭოლავა გამოაკლდნენ.
ისინი ამ ეტაპზე “ჯვაროსანთა” ბანაკში რჩებიან, მაგრამ უცნობია შეძლებენ თუ არა უელსის ნაკრებთან მაინც თამაშს.
რაც შეეხება, ნუმერაციას: ახალი ნომრით ითამაშებს ნაკრებში საბა კვირკველია, რომელიც აქამდე 3 ნომრით თამაშობდა, თუმცა ალექსანდრე ამისულაშვილის გუნდიდან წასვლის შემდგომ სწორედ ის მოირგებს 5 ნომრიან მაისურს. საბა ამავე ციფრით ყაზანის “რუბინში” უკვე წლებია ირჯება. თავის მხრივ 3 ნომრით ლაშა დვალი იქნება განაცხადში.
ჯაბა კანკავას არყოფნაში 7 ნომერი ისევ ჯანო ანანიძეს განკარგულებაშია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 10 ნომრიანი მაისურით გავა.
შეგახსენებთ, დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.









