სერხიო პერესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვლავაც „ფორს ინდიაში“ გააგრძელებს თავის კარიერას. მან მადლობა გადაუხადა ყველა გუნდს, რომელიც მისით იყო დაინტერესებული და განაცხადა, რომ „როგორც პილოტი, კვლავაც გააგრძელებს განვითარებას და სულ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწევს“.
მექსიკელმა პილოტმა, ვისაც მიმდინარე სეზონში 74 ქულა აქვს მოპოვებული, რითაც მერვე ადგილი უკავია, ასევე განცხადა, რომ უხარია „ფორს ინდიაში“ დარჩენა და რომ თავის მომავალზე ოპტიმისტური განწყობა აქვს:
„კარგად ვხედავ პროგრესს, რომელსაც გუნდმა ბოლო სეზონრბში მიაღწია და დარწმუნებული ვარ, გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ უფრო წინაც წავიდეთ. გუნდი კარგად მიცნობს. ამ ეტაპზე, სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ახალი სეზონიდან, ტექნიკური რეგლამენტი ძლიერ იცვლება. ეს დიდი გამოწვევაა და მე მას მოუთმენლად ველი“.
რაც შეეხება ნიკო ჰულკნბერგს, „ფორს ინდიას“ მასთან კონტრაქტი მომავალ სეზონშიც აკავშირებს, თუმცა არის იმის შანსი, რომ გერმანელმა პილოტმა „რენოში“ გადაინაცვლოს. ყოველ შემთხვევაში, მას ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკება აქვს და პადოკში გავრცელებული ინფორმაციით, მათი შეთანხმება მალე შედგება.
თუ ჰულკენბერგი წავა, მაშინ „ფორს ინდიას“ მის ადგილზე პასკალ ვერლაინის მოწვევა შეუძლია, რომელიც „მერსედესის“ პროტეჟეა და მართალია, აუტსაიდერი „მენორის“ ბოლიდით ასპარეზობს, მაგრამ არაერთხელ მიიქცია ყურადღება. „რენო“ კი ორივე პილოტის შეცვლას აპირებს და ჰულკენბერგის თანაგუნდელად, იმავე „მენორიდან“ ესტებან ოკონის გადმოყვანსაც გეგმავს.









