ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც „აუდიმ“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის და ლე მანის დატოვებაზე განცხადება გააკათა და ახლა ასეთივე ნაბიჯი „ფოლკსვაგენმაც“ გადადგა. მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, გერმანული გიგანტი რალის მსოფლიო ჩემპიონატს (WRC) დატოვებს.
არადა, ვოლფსბურგელები „პოლოს“ ახალ სარბოლო ვერსიას ამზადებდნენ, რომლითაც მსოფლიოს მომავალი წლის ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზათ. ავტომობილს თითქმის დასრულებული აქვს სატესტო პროგრამა და ტიტულის დასაცავად მზად იყო. მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა, რომლებიც სკანდალ დიზელგეიტის შემდეგ წარმოიქმნა, „ფოლკსვაგენს“ რალის პროგრამის შეჩერებისკენ უბიძგა. იგივე მიზეზი დაედო საფუძვლად „აუდის“ გადაწყვეტილებასაც.
„ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატში 2013 წლის სეზონიდან ჩაერთო და მას შემდეგ, გუნდმა და მისმა ფრანგმა პილოტმა სებასტიან ოჟიემ, ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები როგორც პილოტებს, ასევე გუნდებს შორის. ოჟიემ და ფინელმა იარი-მატი ლატვალამ, „ფოლკსვაგენის“ პირველ გუნდს სულ 41 გამარჯვება მოუპოვეს.
„ფოლკსვაგენმა“ WRC-დან წასვლის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას აქცენტი მომავლის ტექნოლოგიებზე გადააქვს, რასაც დიდი ფინნსური და ადამიანური რესურსი ესაჭიროება. დაახლოებით იგივე მოტივით ახსნა თავისი წასვლა „აუდიმაც“, რომელიც ლე მანის ნაცვლად, სადაც მისი ნათესავი „პორშე“ დარჩება, ფორმულა E-ს სერიაში გადაერთვება, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება.
WRC-დან წასვლის მიუხედავად, „ფოლკსვაგენი“ სარბოლო აქტივობას სხვა სერიებში გააგრძელებს. კერძოდ, ის დარჩება TCR-ის საერთაშორისო სერიაში, სადაც მისი „გოლფ GTI TCR-ით“ დათა ქაჯაია ასპარეზობს. ამასთან, გერმანული კომპანიის მოტორსპორტული დეპარტამენტი თავის 200-კაციან შტატს შეინარჩუნებს.
ამგვარად, რალის მსოფლიო ჩემპიონატში ოთხი საქარხნო გუნდი რჩება. ესენია „ჰიუნდაი“, „ტოიოტა“, რომელიც მომავალი სეზონიდან უბრუნდება WRC-ს, „სიტროენი“, რომელიც პრაქტიკულად ახლიდან იწყებს თავის WRC პროგრამას და „ფორდი“, რომელიც თავის ბრიტანელი პარტნიორის, „M-სპორტისთვის“ ახალ სარბოლო „ფიესტას“ ამზადებს.







