ავტოსპორტი

1:51 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თინეიჯერი სტროლი „უილიამსის“ პილოტი გახდა

მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში კიდევ ერთი თინეიჯერი პილოტი იასპარეზებს - „უილიამსმა“ კონტრაქტი ფორმულა 3-ის ევროპული სერიის კანადელ ჩემპიონთან, 18 წლის ლენს სტროლთან გააფორმა, რომელიც ფინელ ვალტერი ბოტასს გაუწევს თანაგუნდელობას და ბრაზილიელ ფელიპე მასას შეცვლის.

„ოცნება ამიხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ დონემდე მიღწევაში დამეხმარა. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს, რომელიც იმედია, ჩემთვის დიდებული იქნება. ის ჩემთვის სწავლის სეზონი უნდა იყოს. და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს, რასაც „უილიამსი“ მომცემს, სწრაფად ავითვისებ და სრულყოფილ პილოტად ჩამოსაყალიბებლად გამოვიყენებ“, - ამბობს სტროლი.

ის დასძენს, რომ ფ3-ში გატარებულმა ორმა სეზონმა კარგად მოამზადა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ამასთან, ფ1-ისთვის მზადება მან „უილიამსის“ ორი წლის წინანდელი ბოლიდით დაიწყო.

კანადელი პილოტი „უილიამს FW36-ით“ აგვისტოდან ვარჯიშობს და აღნიშნავს, რომ ფ1-ის ბოლიდი ჩაჭიდულობით, სიმძლავრით და რა თქმა უნდა, სისწრაფით გამოირჩევა. ის უკვე მიეჩვია DRS-ის გამოყენებას და საბურავების მდგომარეობის მუდმივ კონტროლს. და რაც მთავარია, ამბობს, რომ ყოველი შემდგომი ტესტების შემდეგ, სულ უფრო მეტად თავდაჯერებულია.

სტროლმა 2014 წელს ფორმულა 4-ის იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მომდევნო სეზონში კი ფორმულა „ტოიოტას“ ახალზელანდიურ სერიაში გაიმარჯვა. თავიდან ის „ფერარის“ მრბოლთა აკადემიის წევრი იყო, მაგრამ გასულ სეზონში „უილიამსში“ გადაინაცვლა.

ცნობისათვის, მამამისი, ლოურენს სტროლი, ტანსაცმლის მრეწველობაში საქმიანობს და მილიარდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171072