მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხე ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც იმერლებმა ,,ოლიმპს“ უმასპინძლეს.
ფავორიტად, რა თქმა უნდა, მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებიც ,,რუსთავსა“ და ,,ბათუმთან“ ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც შეძლეს და დიდ შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით 41:39 გავიდნენ.
ვეტერანი კალათბურთელების გიორგი ცინცაძისა და ანატოლი ბოისას კარგი თამაშის წყალობით მასპინძლებმა მესამე მეოთხედშივე შეძლეს მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და მეოთხე მეოთხედის წინ 5 ქულით 62:57 დაწინაურდნენ. ბოლო მეოთხედში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ,,ქუთაისმა“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება, 80:71 დაამარცხა მეტოქე და მინიმუმ ტურის დასრულებამდე ,,რუსთავთან“ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე პასი დაფიქსირდა. რაც შეეხებათ სტუმრებს, აქცენტი გუნდურ თამაშზე გააკეთეს და მათმა ექვსმა წარმომადგენელმა 10 და მეტი ქულა დააგროვა. მათგან 11 ქულითა და 11 მოხსნით კახა ტომარაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,ქუთაისი“- ,,ოლიმპი“ 80:71 (22:25, 17:16, 23:16, 18:14)







