ავტოსპორტი

4:19 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესტებან ოკონი „ფორს ინდიაში“ გადავიდა

ფორმულა 1-ის გუნდმა „ფორს ინდიამ“, მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმა „მერსედესის“ ფრანგ პროტეჟეს, ესტებან ოკონს, რომელიც ამ სეზონში „მენორის“ ბოლიდით ასპარეზობს. თინეიჯერი პილოტი ინდურ გუნდში ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის, ვინც ახალი სეზონიდან „რენოში“ გადაინაცვლებს. ფრანგი პილოტი პარტნიორობას სერხიო პერესს გაუწევს.

ოკონ ევროპის ფორმულა 3-ის და გრანპრი3 სერიების ყოფილი ჩემპიონია. მან გასული სეზონის მოსამზადებელ ტესტებზე, რომლებიც ბარსელონაში ჩატარდა, „ფორს ინდიას“ ბოლიდ VJM08-ით ივარჯიშა. მას იმავე სეზონის მსვლელობისას, „რედ ბულ“ რინგზე ტესტებზეც მიეცა გამოცდილების მიღების საშუალება.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი ის „რენოს“ ტესტ პილოტის რანგში მოგვევლინა. იმავდროულად, „მერსედესის“ პილოტი იყო DTM-ის სერიაში. შუა სეზონიდან (ბელგიის დიდი პრიზი) მან „მენორში“ გადაინაცვლა, სადაც რიო ჰარიანტო შეცვალა. მართალია, „ფორს ინდიამ“ გამოაცხადა, რომ ოკონთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა რამდენ სეზონზე, ეს არ დაუკონკრეტებია.

„ძალიან გახარებული ვარ, რომ „ფორს ინდიაში“ გადასვლის საშუალება მომეცა. ამ გუნდს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან მისი ტესტ პილოტი ვიყავი. ახლა კი მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა სლვერსტოუნზე კვლავ მათთან ერთად ვიქნები. ფორმულა 1-ში კვლავ ახალბედად ვითვლები, თუმცა „მენორში“ გატარებულმა ნახევარმა სეზონმა, მეტად ფასეული გამოცდილება შემძინა და ვგრძნობ, რომ „ფორს ინდიასთან“ ერთად, ამ ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ“, - განაცხადა ოკონმა, ვისაც მთელი სეზონის განმავლობაში, „რენოს“ მომავალ პილოტად მოიხსენიებდნენ. თუმცა ფრანგულ გუნდში ნიკო ჰულკენბერგის გადასვლამ, „ფორს ინდიაში“ ადგილი გამოათავისუფლა, რომელიც „მერსედესის“ პროტეჟირებით, სწორედ ოკონს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094523