ავტოსპორტი

2:18 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაგნუსენი „ჰაასში“ გადავიდა

ფორმულა 1-ის დანიელი პილოტი კევინ მაგნუსენი, მომავალი სეზონიდან „ჰაასის“ ბოლიდით იასპარეზებს, სადაც მექსიკელ ესტებან გუტიერესს შეცვლის. ამერიკულმა გუნდმა ეს ინფორმაცია, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპის, ბრაზილიის დიდი პრიზის წინა გამოაქვეყნა. 24 პილოტი, ვინც ამჟამად „რენოს“ წევრია, „ჰაასში“ პარტნიორობას ფრანგ რომენ გროჟანს გაუწევს.

„როცა ახალი პილოტის აყვანაზე ფიქრი დავიწყეთ, მაშინვე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კევინ მაგნუსენს განვიხილავდით. მან მოკლე პერიოდში თავისი შესაძლებლობების გამოვლენა მოასწრო და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად, უფრო მეტს მიაღწევს. ფ1-ში ჩვენი მეორე სეზონი ახალ გამოწვევებს გვიმზადებს. ეჭვი არ გვეპარება, რომ კევინის და რომენის წყვილი, ჩვენს გუნდს ახალი მანქანის სრულყოფაში და კონკურენტუნარიან ძალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“, - განაცხადა ამერიკული საჯინიბოს მფლობელმა ჟენე ჰაასმა.

უფრო ადრე, გუტიერესმა ფეისბუკზე თავის ფანებს შეატყობინა, რომ გუნდს ტოვებს. ოღონდ არაფერი უთქვამს თავისი გეგმების შესახებ. უკვე სამი წელია, რაც ის ფ1-ში ასპარეზობს და ამ დროში მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. ამჟამად ფ1-ში მხოლოდ ორ გუნდში არის დარჩენილი ვაკანსიები. ესაა „მენორი“ და „ზაუბერი“, რომელთან ერთადაც, ფ1-ში გუტიერესის დებიუტი შედგა.

რაც შეეხება მაგნუსენს, მან განაცხადა, რომ „რენოდან“ წამოსვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო: „შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არც ისე კარგი, რომ იქ დავრჩენილიყავი. თუ რომ უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი შემოეთავაზებინათ, მაშინ შემოთავაზებას უფრო სერიოზულად განვიხილავდი, მაგრამ ასე არ მოხდა“.

არაოფიციალური ინფორმაციით, მაგნუსენმა და „ჰაასმა“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089527