საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტური ბათუმში, ადგილობრივი ,,ბათუმისა’’ და ,,მგზავრების’’ მატჩით გაიხსნა.
ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებიც მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ,,მგზავრები’’ აუტსაიდერები არიან. მართალია, პირველ მეოთხედში ძირითადად ,,ბათუმი’’ ლიდერობდა, მაგრამ ზღვისპირელები დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთქულიან უპირატესობას დასჯერდნენ-17: 16.
მეორე მეოთხედში ,,ბათუმის’’ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და პირველი ტაიმის ბოლოს ათქულიან უპირატესობას მიაღწია-39:29. სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა და დავით უსტიაშვილის შეგირდებმა საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით 81: 66 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ბათუმის’’ უკრაინელმა ლეგიონერმა ილია შემოსიუკმა აჩვენა, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 14 ქულა ოთარ ფხაკაძემ დააგროვა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ფხაკაძის თანაგუნდელმა რეჯინალდ მერფიმ შეასრულა, რომლის ანგარიშზე 13 ქულა და 12 მოხსნაა.
,,ბათუმი’’- ,,მგზავრები’’81: 66 (17:16, 22: 13, 21: 19, 21: 18)







