საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში დღეს დაგეგმილი შეხვედრებიდან ბოლო მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი „ოლიმპი“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. მართალია ზღვისპირელებს „ოლიმპზე“ ორით მეტი გამარჯვება ჰქონდათ, მაგრამ ისინი სატურნირო ცხრილში მაინც ერთმანეთის მეზობლად არიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ. მათი მოლოდინი მხოლოდ პირველ მეოთხედში გამართლდა, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მეორე მეოთხედში უპირატესობას „სოხუმი“ დაეუფლა. ზღვისპირელთაგან განსაკუთრებულად ოთო ბულიავა გამოირჩეოდა, რომელმაც მარტო პირველ ტაიმში „სოხუმს“ 17 ქულა შესძინა. ძირითადად მისი დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმი „სოხუმის“ გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმში ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდების უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა. იყო მომენტი, როცა ანგარიშში სხვაობამ „სოხუმის“ სასარგებლოდ 30 ქულასაც კი გადააჭარბა. „ოლიმპი“ ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო. 95:60 გაიმარჯვა „სოხუმმა“, მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა ბულიავამ დააგროვა. მისმა თანაგუნდელმა უეიდ ლათანმა 22 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი რეზო როგავა იყო.
ამ ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც „ქუთაისი“„ბათუმს“ უმასპინძლებს.
ოლიმპი - სოხუმი 60:95 (20:22, 18:24, 11:21, 10:28)









