კალათბურთი

16:43 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპი“ მეოთხედფინალში გავიდა

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთში საქართველოს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის წარმომადგენელი „ოლიმპი“ და „ა“ ლიგის გუნდი თსუ-ჰიუნდაი დაუპირისპირდნენ.

რა თქმა უნდა, ფავორიტად სუპერლიგის გუნდი ითვლებოდა. პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა სტუდენტების უპირატესობით დაიწყო. თავიდან ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდები 6:0 დაწინაურდნენ. მთელი შეხვედრის განმავლობაში თსუ-ჰიუნდაი ლიდერობდა. „ოლიმპმა“ წინ გასვლა საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ტრე ბურნეთის ორქულიანის შემდეგ მოახერხა. ძირითად დროის დასრულებამდე 4 წუთითა და 40 წამით ადრე თსუ-ჰიუნდაი 79:72 ლიდერობდა. დარჩენილ დროში „ოლიმპმა“ 10:1 მოიგო, საბოლოო ჯამში 82:80 დაამარცხა მეტოქე და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ოლიმპის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ფორვარდმა ტრე ბურნეთმა შეიტანა, რომელმაც 29 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. თსუ-ჰიუნდაის შემადგენლობაში 22-22 ქულით ყველაზე შედეგიანები ასევე ლეგიონერები უკანახაზელი მეთიუ გლოვერი და ცენტრალური თავდამსხმელი კრისტოფერ გაბრიელი იყვნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ თსუ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ „ოლიმპმა“ თითქმის შეუძლებელი შეძლო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა, მაგრამ ამჯერად ფორტუნამ „ოლიმპს“ გაუღიმა. მეორე საკვალიფიკაციო წყვილში ერთმანეთს სუპერლიგის გუნდი „მგზავრები“ და „ა“ ლიგის წარმომადგენელი „არენა-76“ ხვდებიან.

ოლიმპი - თსუ-ჰიუნდაი 82:80 (16:23, 26:24, 23:25, 17:8)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098034