დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „მგზავრები“ და „არენა-76“ დაუპირისპირდნენ.
მართალია „მგზავრები“ სუპერლიგის აუტსაიდერი გუნდია, მაგრამ ფავორიტად მაინც ის ითვლებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „მგზავრები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და მესამე მეოთხედის ბოლოს მისმა უპირატესობამ 14 ქულას მიაღწია - 72:58. მეოთხე დასკვნით მეოთხედში „არენა-76“-მა ყველაფერი გააკეთა მატჩის გადასარჩენად, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. 90:84 გაიმარჯვა „მგზავრებმა“ და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „არენა-76“-ის ამერიკელი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი პიტერ ალექსისი იყო, რომელმაც 28 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანამემამულე და თანაგუნდელი, უკანახაზელი როდნერიუს ლუისი, რომლის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნაა.
„მგზავრების“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, უკანახაზელმა ოთარ ფხაკაძემ დააგროვა.
ამრიგად, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა „ა“ ლიგის ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო და საქართველოს თასის მეოთხედფინალში სუპერლიგის რვავე გუნდი ითამაშებს.
მგზავრები - არენა-76 90:84 (24:22, 25:21, 23:15, 18:26)







