ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილზეა. სპორტსმენი, რომელიც წარსულში რუსეთის სახელით გამოდიოდა, საქართველოს დროშის ქვეშ ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად მონაწილეობს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ფეისბუკ-გვერდის შეფასებით, დებიუტი წარმატებულია.
ამავე გვერდის ცნობით,Mმორის ყვითელაშვილმა თავის პროგრამაში საკმაოდ ხარისხიანად შეასრულა ისეთი რთული ტექნიკური ელემენები, როგორებიცაა სამმაგი აქსელი და ოთხმაგი ტულუპი სამმაგ ტულუპთან კომბინაციაში. შედეგად, 76,85 ქულა მოაგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ საუკეთესოთა ათეულშია. ევროკონკურენციაში სულ 36 სპორტსმენი ჩაება.
მოკლე პროგრამაში ყველაზე კარგი შედეგი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა - ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა აჩვენა (104,25). მეორე-მესამე ადგილებს კი რუსი მაქსიმ კოვტუნი (94,53) და ებრაელი ალექსეი ბიჩენკო (86,68) იკავებენ.
თავისუფალი პროგრამა დღეს საღამოს, 22:30 საათზე დაიწყება. მორისი კი მე-13 ნომრად გამოვა.









