ფეხბურთი

21:22 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

5 მაისიდან 5 თებერვლამდე - კუპერის ფინალის სინდრომი

5 მაისიდან 5 თებერვლამდე – საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მწვრთნელი საფეხბურთო ისტორიაში. არგენტინელმა სპეციალისტმა გუშინ, აფრიკის ეროვნებათა თასის გადამწყვეტი მატჩიც დათმო, რადგან მისი გაწვრთნილი ეგვიპტე კამერუნის ნაკრებთან დამარცხდა – 1:2.

კუპერისთვის ფინალში გამარჯვებაა უცხო ხილი, თორემ წაგებას დაჩვეულია. თავად განსაჯეთ, სამხრეთამერიკელს აქამდე ყველა ფინალური შეხვედრა აქვს წაგებული და გარდა ამისა, შიდა ჩემპიონატების ბოლო ტურებშიც აქვს დათმობილი შესაბამისი ქვეყნის ჩემპიონობაც.

ჰექტორ რაულ კუპერის უიღბლო და დაუსრულებელი სერია 1994 წელს დაიწყო, როდესაც “ურაკანს” ედგა სათავეში. მოკრძალებულ გნდს არგენტინის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. კლაუსურას ბოლო ტურში კუპერს და მის შეგირდებს ქულაც ჰყოფნიდათ ოქროს მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ დამარცხდნენ და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

შემდგომ იყო ესპანეთი და მოკრძალებულ “მალიორკასთან” ერთად წაგებული ორი ფინალი: 1997 წელს, “ბარსელონასთან” პენალტების სერიაში სამეფო თასზე და 1999 წელს თასების თასის ფინალში რომის “ლაციოსთან”.

2000 და 2001 წლებში კუპერი უკვე “ვალენსიას” წვრთნიდა და მიჯრით ორჯერ გაიყვანა “ღამურები” ფინალში, მაგრამ ჯერ იყო და “რეალი” გამოდგა უფრო ძლიერი, მერე უკვე მიუნხენის “ბაიერნი”.

“ვალენსიადან” კუპერმა მილანის “ინტერს” მიაშურა და პირველი სეზონში სკუდეტოს მოპოვება შეეძლო. აპენინზე დღემდე აქტუალურია 2002 წლის 5 მაისი. სერია ა-ს ბოლო ტურში “ნერაძური” “იუვენტუსს” ასწრებდა და “ლაცოსთან” რომში რომ მოეგო, გაჩემპიონდებოდა, თუმცა წააგო და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ფინალი კუპერმა ვერც საბერძნეთში მოიგო – 2010 წელს სალონიკის “არისთან” ერთად საბერძნეთის თასის ფინალს უწია, მაგრამ გამარჯვება ათენის “პანათინაიკოსს” დარჩა.

ეგვიპტის ნაკრებზე კი, უკვე მოგახსენეთ. მოკლედ, ჰექტორ რაულ კუპერისთვის ოქროს მედალი დაუძლეველი ბარიერი რჩება. იქნებ, ეს ყოველივე შემთხვევითობა სულაც არაა...

0.097077