„რენოს“ და „ბეემვე-ზაუბერის“ ყოფილი პილოტი რობერტ კუბიცა ამბობს, რომ სურვილი აქვს, კვლავ მიუჯდეს ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილის საჭეს. მისი თქმით, ამისთვის ფიზიკურად სრულ მზადყოფნაშია. პოლონელი პილოტის ფ1-ის კარიერა ექვსი წლის წინთ დასრულდა მას შემდეგ, რაც იტალიაში გამართულ ერთ-ერთი ადგილობრივი რალის რბოლისას მომხდარ ავარიაში, უმძიმესი ტრავმები მიიღო.
გამოჯანმრთელების შემდეგ, კუბიცამ კარიერა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელა, გასულ სეზონში კი წრიულ რბოლებში დაბრუნება სცადა. მან GT-ს კლასის ოთხ რბოლაში იასპარეზა, ახალი სეზონიდან კი გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონტში და მათ შორის, ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც იასპარეზებს.
პარალელურად, კუბიცა ინარჩუნებს ურთიერთობას ფორმულა 1-თან. მან რამდენჯერმე სიმულატორებზე (ერთხელ მერსედესის სიმულატორზეც) შეამოწმა თავისი უნარები. ერთხელ კი ფ1-შ ადგილიც კი შესთავაზეს. პოლონლი პილოტი ამბობს, რომ სამი წლის წინათ, შეთავზება უარყო, რადგან ტრავმირებული ხელის იმედი არ ჰქონდა. მაგრამ გავიდა დრო და დღეს თვლის, რომ მისი მარჯვენა ხელის ფუნქციები საკმარისად არის აღდგენილი იმისათვის, რომ ფ1-ის რბოლებში ასპარეზობა შეძლოს.
„როცა შეთავაზება მივიღე, იმ მომენტში არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ამას შევძლებდი. ვიცი, რომ ხშირად, მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა და ის უნდა გამოიყენო. მაგრამ არ მსურდა ამის ისე გაკეთება, რომ საკუთარ შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებული არ ვყოფილიყავი. ამ დროს საკუთარ თავს ვეუბნები - „დაივიწყე ეს“. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არაა ისეთი, რომ გადაწყვეტილება იოლად მივიღო. ასეთ მდგომარეობაში სულ რამდენიმე ადამიანი თუ ყოფილა. ყველა განსხვავებულად რეაგირებს. და ეს პირადული საქმეა“, - ამბობს კუბიცა.
კითხვაზე, ამჟამად თუ დათანხმდება შეთავაზებას, გაიაროს ტესტები ფ1-ის მანქანით, პოლონელი მრბოლი პასუხობს: „დიახ. დღეს განსხვავებული პასუხი მაქვს. სიამოვნებით ვსინჯავდი ფ1-ის მანქანას. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფ1-ის პილოტი ვიყავი. ამიტომ საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება მჭირდება, რომ ეს შემიძლია. ბევრი სიმულატორი ვცადე. დარწმუნებული ვარ, რომ ფ1-ის ტრასების 80 პროცენტზე სრულფასოვნად ვიასპარეზებ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფ1-ის მანქანის ტესტირება ერთია და სარბოლო უქმეებზე ასპარეზობა სრულიად განსხვავებული რამაა. ფ1-ში გატარებულ ბოლო სამ სეზონში, კარგ დონეზე ვასპარეზობდი. და თუ ახლა დაბრუნების საშუალება მომეცემა, ძალიან ბევრი გარჯა მომწევს იმ დონემდე მისაღწევად“, - დასძენს კუბიცა, ვინც ლე მანსა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლეს, LMP1 კლასში იასპარზებს.
კუბიცამ კონტრაქტი კოლინ კოლესის გუნდ „ბაიკოლესთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი. ის სარბოლო პროტოტიპ „CLM P1/01 ნისმოთი“ იასპარეზებს. კუბიცას ერთი თანაგუნდელი ბრიტანელი ოლივერ უებია. ეკიპაჟის მესამე პილოტი ჯერჯერობით უცნობია.







