ფეხბურთი

20:00 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ზაქარეიშვილი: "ბარსელონას" ფანკლუბის წევრები შეღავათებით ისარგებლებენ"

რამდენიმე დღის წინ კატალონიის „ბარსელონას“ ვებგვერდმა ოფიციალურად გვამცნო, რომ თბილისში ესპანური გრანდის ფანკლუბი გაიხსნება. აღნიშნულ თემაზე WORLDSPORT.GE „ბარსას“ ქართული ფანკლუბის ხელმძღვანელს, გაზეთ „მსოფლიო სპორტის“ ყოფილ ჟურნალისტ მიხეილ ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოში ფანკლუბის გახსნის იდეის დაბადების, მისი განვითარების მიმდინარეობაზე.

„იმ ადამიანებს, რომლებიც „ბარსელონას“ ოფიციალური ფანკლუბის უკან ვდგავართ, გულშემატკივრების მობილიზებისა და თამაშების საყურებლად შეკრებების გამართვის თითქმის 10-წლიანი გამოცდილება გვაქვს. პირველი ასეთი შეკრება 2007 წლის 23 დეკემბერს, „ელ კლასიკოზე“ გავმართეთ.

ბუნებრივია, ყოველთვის გვინდოდა, რომ ჩვენი ფანკლუბისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა. საწყის ეტაპზე, თავად ვხვდებოდით, რომ ამისთვის მზად არ ვიყავით, მოგვიანებით კი, „ბარსელონას“ მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება ძალიან რთულად მიგვაჩნდა.

ყველაფერი 2015 წლის ზაფხულში შეიცვალა. როდესაც „ბარსელონა“ „სევილიასთან“ უეფა-ს სუპეთასზე სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდა, ჩვენი ფანკლუბის ორმა წარმომადგენელმა გავიცანით იამალ ჰავაში, “ბარსელონას“ ფანკლუბების კანარის კუნძულების ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც, იმ დროს, ასევე იყო ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. როდესაც მან გაიგო, რომ საქართველოში ფუნქციონირებს „ბარსელონას“ ვებგვერდი 10 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებლით და ასევე, ის, რომ თბილისში „ბარსელონას“ გულშემატკივრების შეკრებების ტრადიციაც არსებობს, გამოთქვა სურვილი, ოფიციალური ფანკლუბის დაარსებაში დაგვხმარებოდა.

პროცედურები 2015 წლის სექტემბერში დავიწყეთ. სულ 4 ეტაპი იყო გასავლელი - განაცხადის შეტანა, სადაც ფანკლუბისა და ქალაქის (თბილისის) შესახებ ზოგადი ინფორმაცია იყო მოცემული; ფანკლუბის სიმბოლიკის დამტკიცება; ფანკლუბის სამართლებრივი დოკუმენტების დამტკიცება; ოფიციალურად ცნობა. პირველი 3 ეტაპის ვადები თავიდანვე ცნობილია, ხოლო ფანკლუბის ოფიციალურად ცნობაში „ბარსელონა“ შეზღუდული არაა. სწორედ აიტომ, მთელი ეს პროცესი წელიწადნახევარს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, იამალ ჰავაში მუდმივად გვეხმარებოდა საჭირო ინფორმაციის მოწოდებით.

ბიუროკრატიული პროცედურების მიმდინარეობისას, ყოველთვის იგრძნობოდა კლუბის დიდი სურვილი, თბილისში „ბარსელონას“ ფანკლუბს ეარსება. მათი საზომებით, თბილისი ძალიან დიდი ქალაქია იმისათვის, რომ აქ ფანკლუბი არ იყოს. შედარებისთვის - კლუბს დაწესებული აქვს მინიმალური ოდენობები, თუ რამდენათასიან ქალაქში მინიმუმ რამდენი წევრი უნდა ჰყავდეს ფანკლუბს. სულ 4 კატეგორიაა - 2 ათასზე ნაკლები მცხოვრები, 5 ათასზე ნაკლები, 25 ათასზე ნაკლები და 25 ათასზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქალაქში 25 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს, „ბარსელონა“ მას პრიორიტეტულად მიიჩნევს. თბილისში კი, როდესაც ჩვენ მონაცემები გავგზავნეთ, ოფიციალურად, მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

2017 წლის 6 თებერვალს, იამალმა გვაცნობა, რომ უახლოეს დღეებში, ჩვენ ფანკლუბს ოფიციალურ სტატუსს მიანიჭებდნენ. მეორე დღეს კი, მანვე გვაცნობა, რომ სტატუსი უკვე მივიღეთ. იმავე დღესვე, ინფორმაცია „ბარსელონას“ ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. სწორედ 7 თებერვალი მიიჩნევა Penya Blaugrana Tbilisi-ს დაარსების თარიღად.

სტატუსის მიღების მიუხედავად, ჯერ ყველა საჭირო პროცედურა არ დასრულებულა. კლუბისგან ოფიციალური წერილი მივიღეთ, მაგრამ იმავე წერილში არსებული მითითების მიხედვით, ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო დოკუმენტაციას.

სხვა დოკუმენტებთან ერთად, ველოდებით სერტიფიკატს. სწორედ ეს დოკუმენტი ადასტურებს ფანკლუბის ოფიციალურობას და მას ყოველწლიური გახანგრძლივება ჭირდება. ანუ, ფანკლუბი „ბარსელონას“ მიერ დაწესებულ მოთხოვნებს ყოველწლიურად უნდა აკმაყოფილებდეს.

„ბარსელონას“ რამდენიმე მოთხოვნა აქვს - დასახელება, ლოგო და ადგილმდებარეობა უნდა იყოს კლუბთან შეთანხმებული; ფანკლუბი უნდა იყოს არაკომერციული იურიდიული პირი; ფანკლუბში გაწევრიანებული უნდა იყოს მინიმუმ 70 წევრი და ა.შ.

ჩვენ ფანკლუბს, ამ მოთხოვნების დარღვევა და სერტიფიკატის შეჩერება არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ინფორმაცია ღიად არ გაგვივრცელებია და წევრების მოზიდვაზე ჯერ არ გვიზრუნია, როდესაც ბარსელონადან 70-კაციანი სია მოგვთხოვეს, ფანკლუბში გაწევრიანების მსურველი დაახლოებით 100 გულშემატკივრის მობილიზება მალევე მოვახერხეთ. ამჟამად, ეს სია უკვე 150 ადამიანს ითვლის.

ვიცით, რომ ჩვენი ფანკლუბის გახსნიდან მალევე, ძალიან ბევრი წევრი გვეყოლება და ამ მაჩვენებლით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვიქნებით. თუმცა, ამით არ ვკმაყოფილდებით და ვაპირებთ, ამ მხრივ ლიდერებად ვიქცეთ. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ამის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს - ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, თუმცა, სამწუხაროდ, სიმპათიები ნაკლებადაა მიმართული ადგილობრივი კლუბებისკენ. უცხოურ კლუბებს კი, მათ შორის „ბარსელონასაც“, ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს.

კატალონიასა და ესპანეთში, 1000-ზე მეტი ფანკლუბია და „ბარსელონას“ ადგილობრივი ქომაგები მათზეა გადანაწილებული. სხვა ქვეყნებში, სადაც ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობს, გულშემატკივრები აქცენტს ადგილობრივ გუნდებზე აკეთებენ. თბილისს კი ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ გულშემატკივართა რაოდენობით მოწინავე პოზიციები დაიკავოს. ეს მხოლოდ „ბარსელონას“ არ ეხება - დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ევროპული გრანდის ფანკლუბი დიდი პოპულარობით ისარგებლებს. ამის მაგალითი უკვე გვაქვს კიდეც, „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის სახით.

ვიცით, რომ წევრების რაოდენობით „ბარსელონას“ ფანკლუბებში ლიდერთა შორის მოსახვედრად, 1300 წევრზე მეტია საჭირო. თუმცა, ამ მიზნის არსებობა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ რაოდენობის გაზრდაზე ვიზრუნებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა გულშემატკივრობის ხარისხის გაზრდაა. წესდებაშიც, მთავარ მიზნად, საქართველოში გულშემატკივრობის კულტურის ზრდის ხელშეწყობა გვიწერია.

ჩვენი ფანკლუბის წევრები არაერთი შეღავათით ისარგებლებენ. წევრობის დამადასტურებელ ბარათებს, მათთვის, ბარსელონაში დაამზადებენ. ამ ბარათის მფლობელები, ფანკლუბის ადმინისტრაციის დახმარებით, „ბარსელონას“ საშინაო თამაშებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფეხბურთისა და კალათბურთის პირველი გუნდების გარდა, თითქმის ყველა გუნდის (ბარსა ბ, ახალგაზრდული გუნდები, ქალთა გუნდები, ხელბურთის გუნდი, ჰოკეის გუნდი და ა.შ.) თამაშზე დასწრება უფასო იქნება. ფანკლუბების ყოველწლირუი შეკრების დროს, 3-დღიან მონაკვეთში, ჩვენი წევრები „ბარსელონას“ ოფიციალურ მაღაზიაში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ვიზალიბერალიზაციისა და ესპანეთში პირდაპირი ფრენების მოლოდინის გათვალისწინებით, ეს შეღავათები, სულ მალე, ადვილად ხელშესახები იქნება. თუმცა, მთავარ უპირატესობად მე მაინც სხვას დავასახელებდი - ჩვენი ფანკლუბის წევრებს, უფლება ექნებათ, მთავარ კლუბში გაწევრიანებაზე თბილისდანვე იზრუნონ. ამჟამად არსებული რეგულაციით, კლუბში გასაწევრიანებლად და არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭიროა, რომ ან ახლო ნათესავი გყავდეს კლუბის წევრი, ან ჩახვიდე ბარსელონაში, აიღო სპეციალური ბარათი (Commitmend Card) და შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ ისევ ჩახვიდე და გაახანგრძლივო ეს ბარათი.მაგალითად მე, იმისათვის, რომ ფანკლუბის პრეზიდენტობის უფლება მქონდეს, ამჟამად ამ პროცედურას გავდივარ. ახალი რეგულაციებით, რომლებიც ჯერ ძალაში შესული არაა, მაგრამ ოფიციალურად დაანონსებულია, ფანკლუბების წევრობის ბარათი Commitmend Card-ის შემცვლელი იქნება.

გარდა ამისა, ფანკლუბის წევრები შეღავათებით ისარგებლებენ თბილისშიც, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. კომპანიების ნაწილთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ნაწილთან ახლა მიმდინარეობს, ზოგიერთთან კი ჯერ არც დაწყებულა. ამის გამო, მათ დაკონკრეტებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ.

თუ როდის დაიწყებს ფანკლუბი ფუნქციონირებას, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როდის გამოგვიგზავნიან ბარსელონადან დოკუმენტაციას.

გაწევრიანება მარტივი იქნება - ვაპირებთ, გვქონდეს ფუნქციონალური ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ განაცხადის შევსება, არამედ საწევროს გადახდაც იქნება შესაძლებელი. საწევროს ზუსტი ოდენობა განსაზღვრული ჯერ არაა, მაგრამ ის ქართული რეალობის გათვალისწინებითაც კი სიმბოლური იქნება. ასევე ვაპირებთ, მივყვეთ „ბარსელონას“ მიერ დასახულ მიზანს და ვიაქტიუროთ სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა, დავიტვირთოთ სოციალური პასუხისმგებლობითაც“, - გვითხრა ზაქარეიშვილმა.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095048