საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26- ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტური ,,რუსთავისა’’ და ,,ოლიმპის’’ მატჩით დასრულდა, რომელსაც ქვემოქართლელებმა უმასპინძლეს.
გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის ჩათვლით ,,რუსთავმა’’ ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო, ხოლო ,,ოლიმპი’’ აუტსაიდერთა შორის იმყოფება.
როგორც იქნა ,,რუსთავმა’’ გატეხა ნავსი, 88: 72 შეძლო მეტოქის დამარცხება და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.
როგორც მოსალოდნე;ლი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მართალია, ,,რუსთავი’’ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ,,ოლიმპი’’ წაგებას არ ეგუებოდა და მთელი მონდომებით ცდილობდა მატჩის გადარჩენას. სტუმრებმა ანგარიშში 13-ქულიანი სხვაობა რამდენჯერმე შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა მასპინძელთა ახალწვეულმა მარიუს ბრიგსმა დააგროვა. სტუმართა შორის 17 ქულით ყველაზე შედეგიანი უოლტერ პიჩფორდი იყო.
,,რუსთავი’’ - ,,ოლიმპი’’ 88:72 (26:13, 17:26, 23:20, 22:13)







