ჩოგბურთში ფედერაციის თასის ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჯგუფში დასარჩენი შეხვედრა მოუგო ისრაელის ნაკრებს ანგარიშით 2:1 და ამ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა.
შეხვედრაში ჩვენს ნაკრებს პირველი გამარჯვება ეკატერინე გორგოძემ მოუტანა, რომელმაც დენიზ ხაზანიუკი 2:1 ( 6:4, 4;6, 7:5) დაამარცხა. მას შემდეგ, რაც იულია გლუშკომ სოფო შაფათავას სამ სეტში 2:1 ( 6:4, 2:6, 6:2) სძლია, ისრაელის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა 1:1 .
ამ შეხვედრაში ქართველ ჩოგბურთელებს გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა გაამარჯვებინა, რომლებმაც გლუშკო- შელი კროლიცკის წყვილი 2:1 ( 6:4, 4:6, 6:3) დაამარცხა.
ზემოთ ნახსენებ ჩოგბურთელებთან ერთად ნაკრების შემადგენლობაში მარიამ ბოლქვაძეც ირიცხებოდა, რომელსაც თამაში არ მოუწია. ნაკრების კაპიტანი ვეტერანი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი იყო.
ისრაელთან ერთად პირველი ჯგუფი ბოსნია-ჰერცოგოვინამ დატოვა.
ზედა ჯგუფში ასასვლელად პლეი-ოფში სერბეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ.







