მიმდინარე ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "დინამო" და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. ზღვისპირელები პირველ ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვიან.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად „დინამო“ მიიჩნეოდა, მაგრამ მის ასეთ უპირატესობას არავინ ელოდა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით - 60:34 მოიგეს და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ უკვე მაშინ გადაწყვიტეს.
მეორე ნახევარში „დინამომ“ სათადარიგო შემადგენლობის კალათბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი. „სოხუმმა“ ამით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ცოტათი შეამცირა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 104:86 „დინამოს“ სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „დინამოს“ კალათბურთელი მიხეილ ჭოჭუა იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ნიკოლა მარავიჩმა შეასრულა. სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა და 1 პასი დააკლდა „დინამოს“ ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ ბერიშვილს, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია.
ზღვისპირელთა შორის 20-20 ქულით ყველაზე შედეგიანები სუპერლიგის ვეტერანი დავით ბარბაქაძე და უეიდ ლათანი იყვნენ. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ალექსანდრ ტიშენკომ შეასრულა.
ამჟამად მიმდინარეობს ტურის დასკვნითი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონატის აუტსაიდერები ხვდებიან - „ოლიმპი“ და „მგზავრები“.
სოხუმი – დინამო 86:104
(16:30, 18:30, 19:19, 33:25)







