მიმდინარე ტურის მეორე შეხვედრაში ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამომ“ მესამე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ უმასპინძლა. რა თქმა უნდა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. პროგნოზის მიუხედავად შეხვედრა „რუსთავის“ უპირატესობით დაიწყო, რომელიც მესამე წუთისთვის 8:0 დაწინაურდა. პირველი ქულა „დინამომ“ მესამე წუთის ბოლოს გააკეთა, როცა „დინამოს“ უკანახაზელმა დეონტა ვონმა მეტოქის კალათში სამქულიანი მოათავსა. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, მალე დაწინაურებაც მოახერხეს და პირველი მეოთხედი 28:24 მოიგეს. მეორე მეოთხედმა გარდამავლი უპირატესობით ჩაიარა. მეორე ტაიმში „დინამო“ უპირატესობას დაეუფლა და შეიძლება ითქვას რომ თამაში ერთ კალათში მიმდინარეობდა. იყო მომენტი, როცა მასპინძელთა უპირატესობამ 30 ქულასაც გადააჭარბა - 85:53. საბოლოოდ, „დინამო“ 25 ქულიან უპირატესობას დასჯერდა და მეტოქე 87:62 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში თავი „დინამოს“ ლეგიონერებმა გამოიჩინეს. ცენტრალური თავდამსხმელი ნიკოლა მარავიჩი 19 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. დეონტა ვონმა კი 18 ქულა დააგროვა. სტუმართა შორის 10-10 ქულით ყველაზე შედეგიანები ლევან ჩაჩანიძე და სერგო ათუაშვილი იყვნენ.
ამჟამად მიმდინარეობს „მგზავრები“ – „ქუთაისის“ შეხვედრა.
დინამო - რუსთავი 87:62 (28:22, 17:16, 19:8, 23:16)







