დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თაოსნობით ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, რომლებსაც თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტმა’’ უმასპინძლა.
დღის წესრიგში იყო კალათბურთის ფედერაციის მიერ 2015-2016 წლის სეზონის შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია და ვეტერანი ქართველი კალათბურთელის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრის გივი ბიჭიაშვილის იუბილე, რომელსაც დღეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.
ყოველწლიური წიგნი, რომელიც წელს მეხუთედ გამოვიდა ამჯერად მის წინამორბედებზე უკეთ იყო აწყობილი როგორც დიზაინის ისე სასპორტო ფოტოების თვალსაზრისით. ჟურნალის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ისაუბრა: ,, გასული 2015-2016 წლების სეზონი მნიშვნელოვანი იყო ქართული კალათბურთისათვის. შეიქმნა ქალთა შორის 16 და 18 წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდები, რომლებმაც ,,ც’’ დივიზიონში იასპარეზეს. ამ ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 18 წლამდელები ფინალში გავიდნენ, ხოლო 16 წლამდელებმა პირველი ადგილი დაიკავეს და ,,ბ’’ დივიზიონში თამაშის უფლაბა მოიპოვეს.
შეიქმნა 13 და 14 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები გუნდები. სეზონის დამგვირგვინებელი მოვლენა კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ, ზედიზედ მეოთხედ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება იყო, რომელმაც შესარჩევ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისათვის მზადებას დავიწყებთ.
სიმრავლის გამო რთულია ყველა შეჯიბრებებსა და განხორციელებულ პროექტებს შევეხოთ. ამიტომ გთავაზობთ ტრადიციულ საკალათბურთო ,,წლის წიგნს’’, სადაც შეგიძლიათ ყველაფერს დაწვრილებით გაეცნოთ’’.
დღეს, 6 მარტს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ,,დინამოს’’ ვეტერან კალათბურთელს, ბატონ გივი ბიჭიაშვილს. ბატონი გივი, რომელიც გამორჩეული სტილის მოთამაშე იყო ორი ათეული წელი თამაშობდა კალათბურთს. აქტიური სპორტიდა წასვლის შემდეგ იგი ახლაც ქართულ კალათბურთს ემსახურება, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის აღმასკომის წევრია.
,,დინამოსთან’’ ერთად მას უამრავი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი ორჯერ იყო დინამიადის ჩემპიონი, სადაც სოციალისტური ქვეყნების გუნდები თამაშობდნენ. არის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყოფილი სსრკს სპარტაკიადების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
იმ დამსახურებისათვის, რაც გივი ბიჭიაშვილმა ქართული კალათბურთის განვითარებისათვის გააკეთა დღეს მას ,,სპორტის რაინდის’’ წოდება მიენიჭა. ეს მაღალი ჯილდო ბიჭიაშვილს, გაბრიჩიძესთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საკალათბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს’’ პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა და კომენტატორმა ჯამლეთ ხუხაშვილმა მიულოცეს.







