ჩოგბურთი

0:58 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ინდიანა უელსის ძირითად ბადეში ითამაშებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის მასტერის ძირითად ბადეში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში 55-ე პოზიციაზე მყოფმა ნიკოლოზმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ყაზახეთის სახელით მოთამაშე, 19 წლის ალექსანდრ ბუბლიკი 6:3, 7:6 დაამარცხა.

აღნიშნულ ეტაპზე ბასილაშვილი პირველი ნომერი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა, მსოფლიოს 138-ე ჩოგანთან მოგება გაუჭირდა. პირველი სეტი ქართველმა მოწოდების დათმობით დაიწყო, თუმცა მეტოქემ საჩუქარი ვერ გამოიყენა და დაბრეიკდა. მეექვსე გეიმზე ნიკა კვლავ ბრეიკით წინ გავიდა (4:2). ამის შემდეგ ორ გეიმზე ჩოგბურთელებმა მოწოდების უპირატესობა ვერ გამოიყენეს, საბოლოოდ მეცხრე გეიმზე ნიკამ სეტი სათავისოდ დაამთავრა.

მეორე სეტი დაულაგებელი თამაშით დაიწყო და 5 გეიმში 4 ბრეიკი დაფიქსირდა. ამის შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა, მეტოქეები აღარ რისკავდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. საბოლოოდ საჩოგბურთო ლატარეაში 25 წლის ქართველმა გაიმარჯვა.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 16 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ქართველის მეტოქე ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156739