ფორმულა 1-ის და მოტორბოლების მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ჯონ სარტიზი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სარტიზი ფ1-ის ერთადერთი ჩემპიონია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წრიულ მოტორბოლებშიც აქვს მოპოვებული. დიდი პრიზების ცირკში, თავისი ერთადერთი ტიტული 1964 წელს, „ფერარისთან“ ერთად მოიგო.
სარტიზი თებერვალში ჰოსპიტალში დააწვინეს სასუნთქი ორგანოების მძიმე მდგომარეობის გამო. მას შემდეგ ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა, მაგრამ პარასკევს დღისით გარდაიცვალა.
„ჯონი მოსიყვარულე მამა, ქმარი, ძმა და მეგობარი იყო. ის მოტორსპორტის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი იყო და ბოლო წუთამდე მუშაობდა ჰენრი სარტიზის (მისი შვილი, რბოლისას დაიღუპა) ფონდში და ბაქმორ პარკის კარტინგის ტრეკზე. ძლიერ ვწუხვართ ასეთი გამორჩეული, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის დაკარგვის გამო. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლის ბოლო წუთამდე“, - ნათქვამია ჯონ სარტიზის ოჯახის განცხადებაში.
სარტიზს წრიული მოტორბოლების მსოფლიო ჩემპიონატები სამჯერ (1958, 1959 და 1960 წლებში) 350 კუბურსანტიმეტრიან კლასში, ოთხჯერ (1956, 1958, 1959 და 1960 წლებში) კი 500-იან კლასში აქვს მოგებული. ფორმულა 1-ში 1960-1972 წლებში ასპარეზობდა. იყო „ლოტუსის“, „კუპერის“, „ლოლას“, „ფერარის“, „ჰონდას“, BRM-ის, „მაკლარენის“ და საკუთარ გუნდ „სარტიზის“ წევრი.
ფორმულა 1-ში 111 რბოლაში იასპარეზა, რომელთაგან 6 მოიგო, 24-ჯერ ავიდა კვარცხლბეკზე, კარიერაში 180 ქულა მოაგროვა, 8-ჯერ სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო და 11 რბოლაში უსწრაფესი წრე დააფიქსირა.







