საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის ბოლო, მე-7 ტურის მესამე შეხვედრაში სუპერლიგის დებიუტანტმა „კაკტუსმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა. „რუსთავი“ მყარადაა მესამე ადგილზე, ხოლო „კაკტუსი“ სატურნირო ცხრილის ქვედა ნახევარში იმყოფება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამარჯვება „კაკტუსს“ უფრო სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო.
შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც რამაზ გოგობერიშვილის შეგირდებმა 20 ქულის სხვაობით - 51:31 მოიგეს. მეორე ტაიმში „რუსთავმა“ სათადარიგო მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის შანსი. ამით „კაკტუსმა“ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შესამცირებლად ისარგებლა, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩა. 89:75 - გაიმარჯვა „კაკტუსმა“ და მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდა. შეიძლება ითქვას, რომ ქვემოქართლელებმა მესამე ადგილი თითქმის გაინაღდეს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ მეოთხე, დასკვნით წრეში ამ მხრივ რამე შეიცვალოს.
რუსთაველთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ტომი სპანოლომ, მაურის ბრიგსმა და სერგო ათუაშვილმა შეიტანეს. სპანოლომ 18 ქულა დააგროვა, მას ბრიგსი და ათუაშვილი თითო ქულით ჩამორჩნენ. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ტერიკ ბრიჯმანმა და ჯონ ფლოვიესმა აჩვენეს, რომლებმაც ერთნაირი შედეგით - 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულეს.
„კაკტუსი“ – „რუსთავი“ 75:89
(12:24, 19:27, 23:24, 21:14)







