ლუის ჰამილტონის პოული არავის გააკვირვებდა, სასტარტო მოწინავე რიგში „ფერარის“ დადგომა კი იმის იმედს აჩენს, რომ ამ სეზონში მაინც, „მერსედესს“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. სებასტიან ფეტელმა შეძლო მეორე საუკეთესო დროის დაფიქსირება და სამქიმიანებს შორის დაიკავებს ადგილს.
ჰამილტონმა პოულის მომტანი წრე წუთსა და 22.188 წამში გაიარა. ეს კი მისივე შარშანდელ პოულზე დაახლოებით 1.6 წამით ნაკლებია. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 62-ე პოულ პოზიციაა, რაც ოთხით ნაკლებია აირტონ სენას მიღწევაზე და ექვსით ნაკლები მიხაელ შუმახერის რეკორდულ 68 პოულზე.
კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ვალტერი ბოტასმა შეძლო საუკეთესო დროის დაფიქსირება, თუმცა ჰამილტონმა იქვე უკეთესი დრო აჩვენა. ფეტელმა ისღა მოახერხა, რომ „მერსედესის“ დებიუტანტი ბოტასი ჩამოეტოვებინა, თუმცა ბრიტანელის დროს ვეღარ შესწვდა. ის პოულის დროს სულ რაღაც, 0.268 წამით ჩამორჩა, თავად კი ბოტასს 0.025 წამით აჯობა.
„ჯერჯერობით ფანტასტიური უიკენდი გვაქვს. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ბიჭებმა ძალიან ბევრი იმუშავეს იმისათვის, რომ ასეთი მანქანა მოემზადებინათ. ვალტერიმ კარგად იასპარეზა და ეს „მერსედესისთვის“ კარგა. ჩვენს შორის სხვაობა მცირეა და ამიტომ, რთულ რბოლას მოველი“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.
ფეტელს მესამე პრაქტიკაზე საუკეთესო დრო ჰქონდა და კვალიფიკაციაშიც ძალიან სწრაფი იყო. მისი თქმით, ბოლო წრეზე პირველ მოსახვევში შეცდა, რაზეც დრო დაკარგა. ამის მიუხედავად, კმაყოფილი დარჩა და იმედი აქვს, რომ რბოლაში „მერსედესის“ პილოტს ბრძოლას გაუმართავს.
მეოთხე დროს დასჯერდა კიმი რაიკონენი, მაქს ფერსტაპენი კი მეხუთე ადგილზეა. მცირე სასწაული მოახდინა რომენ გროჟანმა, რომელმაც მეექვსე საუკეთესო დრო დააფიქსირა. სამაგიეროდ, არ გაუმართლა დანიელ რიკიარდოს, ვინც მე-14 მოსახვევში დატრიალდა და დროის დაფიქსირება ვერ შეძლო.
მე-13 დრო ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც სიმძლავრის დეფიციტის მიუხედავად, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ასპარეზობის უფლება მაინც მოიპოვა. მისი თანაგუნდელი სტოფელ ვანდოორნი მე-18 შედეგს დასჯერდა. „ჰონდა“ აცხადებს, რომ ძრავის ახალ ვერსიას ამზადებს, თუმცა ის კანადურ ეტაპამდე მზად არ ექნება.
ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:22.188
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:22.456
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:22.481
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23.033
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:23.485
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:24.074
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:24.443
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:24.487
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:24.512
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:25.081
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:25.091
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:25.425
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:25.568
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:26.465
- - - - - - - - - -
- ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) 1:26.419
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:26.847
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:26.858
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:27.143
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:28.244







