„რედ ბული“ აცხადებს, რომ კანადურ დიდ პრიზამდე „რენოსგან“ გაუმჯობესებულ ძალურ დანადგარს არ ელის. სეზონის დაწყებამდე ბევრი ელოდა, რომ „მერსედესის“ რეალურ კონკურენციას მხოლოდ ხარები შეძლებდნენ. მაგრამ ტესტებზე და მითუმეტეს პირველ რბოლაში გამოჩნდა, რომ ასე არ არის.
მაქს ფერსტაპენმა კვალიფიკაციაზე ლუის ჰამილტონის პოულთან 1.297 წამი წააგო და მეხუთე ადგილი დაიკავა. რბოლაც მეხუთეზე დაასრულა და გამარჯვებულ სებასტიან ფეტელს 28.827 წამით ჩამორჩა.
კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის სფეროს მრჩეველი, დოქტორი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ მისი გუნდი „რენოსგან“ პირველად გაუმჯობესებულ ძალურ დანადგარს ესპანეთის დიდი პრიზისთვის, მაისში ელის. უფრო მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული ძრავი კი მწყობრში კანადური ეტაპისთვის იქნება. ამასთან, მან აღიარა, რომ დახვეწა RB13-საც სჭირდება.
„ბევრი სამუშაო გვაქვს. სარბოლო სიჩქარე პოზიტიურად განგვაწყობს. მაგრამ ჩვენი მხრივ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. იგივეს ვიტყვი „რენოსთან“ დაკავშირებითაც. მონრეალში დიდ წინსვლას ველით. მანამდე ესპანეთშიც იქნება სიახლე, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა მონრეალში უნდა გვქონდეს“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა მარკომ.
„რენომ“ მელბურნის რბოლისთვის, თავის აგრეგატზე ძველი MGU-K დააყენა, რადგან ტესტების დროს, ახალს პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ცნობილი არ არის, ამან ძრავის მახასიათებლები გააუარესა, თუ არა. მარკოს იმედი აქვს, რომ „რენოს“ ძრავის განახლებული ვერსია, მანქანის მოდიფიცირებულ ვარიანტთან ერთად, სასურველ შედეგს გამოიღებს. ის ამბობს, რომ კომპიუტერული სიმულაცია პროგრესის იმედს იძლევა.









