დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებმა გუნდებმა დღევანდელი დაპირისპირება ერთეულებში საქართველოს მეორე ნომერ გიორგი ცივაძისა (846) და სტუმართა გუნდის ლიდერ ლაურინას გრიგელისის (251) შეხვედრით დაასრულეს. რეიტინგიდან გამომდინარე, ფავორიტად ბალტიისპირელი მიიჩნეოდა.
სამწუხაროდ, გრიგელისმა დამაჯერებული ანგარიშით, 3:0 (6:3, 6:2, 6:2) დაამარცხა ცივაძე და საერთო ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გამარჯვება ბასილაშვილმა მოუტანა, რომელმაც ლიტველთა მეორე ნომერი ტადას ბაბელისი ასევე იოლად, 3:0 დაამარცხა.
ხვალ, 8 აპრილს, ერთმანეთს წყვილები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებში ბასილაშვილი და ცივაძე იასპარეზებენ, ხოლო სტუმართა წყვილს კი გრიგელისი და ლიტველთა მესამე ნომერი ლუკას მუგევიჩუსი შეადგენენ. მსოფლიო რეიტინგიდან გამომდინარე, უპირატესობა სტუმართა მხარესაა. შეხვედრა „მზიურის“ კორტებზე 14 საათზე დაიწყება.







