ავტოსპორტი

16:01 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მეხუთე გამარჯვება ცისქვეშეთში

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ჩინეთის დიდი პრიზი მოიგო და კლასიფიკაციაში, პირველი ეტაპის გამარჯვებულს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს გაუთანაბრდა. „მერსედესმა“ კი კონსტრუქტორთა კლასიფიკაციაში „ფერარის“ ერთი ქულით გადაასწრო. პირველი ორი ეტაპის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ტიტულისთვის ბრძოლა, მხოლოდ ერთი გუნდის პილოტებს შორის ბძროლა აღარ იქნება.

ბრიტანელმა პილოტმა პოულიდან სტარტზევე შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და ფინიშს ისე მიაღწია, პირველობა წამითაც არავისთვის დაუთმია. საბოლოოდ, მან ფეტელს 6.2 წამით აჯობა და კარიერაში 54-ე რბოლა მოიგო. მესამე ადგილზე მაქს ფერსტაპენი გავიდა, რომელმაც სტარტი მე-17 პოზიციიდან აიღო და კვარცხლბეკისკენ გზა არაერთი შესანიშნავი მანევრით გაიკაფა.

რბოლა ნაწვიმრზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ასფალტი უკვე საკმაოდ გამშრალი იყო, მხოლოდ კარლოს საინსმა გაბედა სლიკებით გამოსვლა. მრთალია, ბევრგან გზა მშრალი იყო, მაგრამ ალაგ-ალაგ პილოტებს ისევ ხვდებოდათ გუბეები, რის გამოც სლიკებით რბოლა რისკთან იყო დაკავშირებული. პირველივე წრეზე ლანს სტროლი დატრიალდა, რომელსაც ამაში ხელი სერხიო პერესმა „შეუწყო“. ამას ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმის ჩართვა მოჰყვა.

ამ უსაფრთხო რეჟიმის დროს, ბევრმა პილოტმა სლიკებზე გადასვლა გადაწყვიტა. მათ შორის ფეტელიც იყო, მაგრამ ჰამილტონი ინტერმედიატზე დარჩა. მეოთხე წრეზე რბოლა განახლდა, მაგრამ ჯოვანაცის, რომელიც უკვე სლიკებზე იყო გადასული, ზუსტად ისეთივე ავარია მოუვიდა, როგორიც კვალიფიკაციაზე და ამჯერად ტრასაზე უსაფრთხოების რეალური მანქანა გამოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჰამილტონმა სლიკებზე გადასვლა. მას მიბაძეს ვალტერი ბოტასმა და დანიელ რიკარდომ.

პეისკარის ტრასაზე ყოფნისას, რეზინის გახურებით ზედმეტად გაერთო ბოტასი, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და დატრიალდა, რის გამოც რამდენიმე პოზიცია დაკარგა. რესტარტიდან მალევე, ფერსტაპენმა ორივე „ფერარი“ ჩამოიტოვა. მეორე ადგილზე ამ დროს რიკარდო იყო, რომელიც თავიდან ჰამილტონის ტემპში ახერხებდა რბოლას, თუმცა მალე ჩამორჩენა დაიწყო. მე-11 წრეზე მას ფერსტაპენმა გაუარა და მეორეზე გადაინაცვლა. ავსტრალიელს, ვინც არასაკმარის მოხვევადობას უჩიოდა, კვალში ორი „ფერარი“ ჩაუდგა, რომელთაგან წინ კიმი რაიკონენი იყო. თავის მხრივ, პრობლემები ფინელსაც ჰქონდა.

მალე ფეტელმა თანაგუნდელს გაასწრო, ორი წრის შემდეგ კი რიკარდოც ზედ მიაყოლა. მათი ბრძოლა რამდენიმე მოსახვევი გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ გერმანელმა შეძლო მეტოქის ჩამოტოვება. ერთ მომენტში მათი მანქანები ბორბლებით შეეხენ კიდეც ერთმანეთს, თუმცა ამას არცერთის დაზიანება არ მოჰყოლია. შვიდი წრის შემდეგ ფეტელმა ფერსტაპენიც ჩამოიტოვა, რის შემდეგაც ჰოლანდიელს ბოქსებში პიტ სტოპზე უხმეს.

35-ე წრეზე გაჩერდა ფერნანდო ალონსო, რომელმაც სუსტი ძრავის მიუხედავად, შესანიშნავად იასპარეზა და ტრანსმისიის დაზიანების გამო გაჩერდა. ამ დროს ის მეშვიდე ადგილზე იყო. ნარბოლევს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იყო.

ჩინეთის დიდი პრიზი

შანჰაი, დისტანცია 307.574 კმ (58 წრე, 5.451 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37:36.160
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:06.250
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:45.192
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:46.035
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:48.076
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:48.808
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:12.893
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 23 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 38 წრე

გ. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 39 წრე

გ. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) 53 წრე

გ. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 56 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:35.378, 44-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 43 ქულა; 1. სებასტიან ფეტელი - 43; 3. მაქს ფერსტაპენი - 25; 4. ვალტერი ბოტასი- 23; 5. კიმი რაიკონენი - 22; 6. დანიელ რიკიარდო - 12; 7. კარლოს საინსი - 10; 8. ფელიპე მასა - 8; 9. სერხიო პერესი - 8; 10. კევინ მაგნუსენი - 4; 11. დანილ კვიატი - 2; 12. ესტებან ოკონი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 66 ქულა; 2. ფერარი - 65; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 37; 4. ტორო როსო-რენო - 12; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 10; 6. უილიამს-მერსედესი - 8; 7. ჰაას-ფერარი - 4

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103559