დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე დღეს ფინალისტები გამოვლინდნენ. სასიხარულოა, რომ ტურნირში, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ, ქართველი მოკრივეები ყველა წონით კატეგორიაში მოხვდნენ.
ნახევარფინალური ბრძოლების შედეგად, ოქროს მედლებისთვის შემდეგი მოკრივეები იბრძოლებენ: 49 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ნოდარ დარბაიძე, სომხეთის წარმომადგენელს გასპარ ბაბახანიანს შეხვდება. 52 კგ-ში რინგზე კიდევ ერთი ქართულ სომხური წყვილი წარსდგება, ბაჩო ჯინჭარაძისა და ვაგე ბადალიანის სახით. 56 კილოში აზერბაიჯანის წარმომადგენელი უმუდ რუსტამოვი მასპინძელ სევერიან ჭილაძეს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ ერანოსიანი, თავის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რუსი გაბილ მამედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს. 64 კგ-ში სომხეთის სახელით მოასპარეზე ოგანეს ბაჩკოვს, კიდევ ერთი მასპინძელი გიორგი დოლიაშვილი დაუპირისპირდება. 69 კგ-ში ოქროსთვის რუსი სერგეი მარგარიანი და ქართველი გიორგი ხარაბაძე იბრძოლებენ. 75 კგ-ში საქართველოს გუნდის წევრი გიორგი გიორგაძე სომეხ არმან დარჩინიანთან იბრძოლებს. 81 კგ-ში ჩვენი ნაკრების წევრი იაგო კიზირია, რუსეთის წარმომადგენელს რაჯაბ რაჯაბოვს შეხვდება. 91 კგ-ში საუკეთესოს წოდებისთვის ერთამანეთს ალექსანდრე დოკვაძე და სომეხი ჰერიკ სარქისიანი დაუპირისპირდებიან. მძიმე წონაში კი ქართველი მიხეილ ბახტიძეს მეტოქე, რუსი ივან ვერიასოვი იქნება.
დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალური ორთაბრძოლები 14 ივნისს, ძიუდოს აკადემიის დარბაზში ჩატარდება და 14 საათზე დაიწყება.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური









