კალათბურთში ,,ა“ ლიგის მეცამეტე ტური ,,ტიტებისა“ და ერთ-ერთ ლიდერ თსუ-,,ჰიუნდაის“ მატჩით დასრულდა. მიმდინარე ტურნირზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ დროისათვის ,,ტიტები“ პირველ ოთხეულში მოსახვედრად, ხოლო სტუდენტები უმაღლესი ლიგის ერთადერთი საგზურისათვის იბრძვიან. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად თსუ-,,ჰიუნდაი“ ითვლებოდა, რომელიც ამ შეხვედრამდე ,,დელტასთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა.
პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრამ ,,ტიტების“ სრული უპირატესობით ჩაიარა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა, რომელიც ,,ტიტებმა“ 22 ქულის სხვაობით 50:28 მოიგო. მეორე ტაიმში თსუ-,,ჰიუნდაი“ კი გააქტიურდა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო და უაღრესად მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა.
რადგან ,,ტიტები“ ოთხეულში მოხვედრისათვის ბრძოლაში მის უშუალო კონკურენტს ,,წყალტუბოს“ პირად შეხვედრებში 2:1-ს უგებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვების შემდეგ პირველ ოთხეულში ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017-2018 წლების სეზონისათვის ,,ა“ ლიგაში ადგილი გარანტირებული ექნება.
ამის გარდა, ,,ტიტებმა“ ამ გამარჯვებით შეიძლება ითქვას, რომ აწ უკვე ერთპიროვნულ ლიდერ ,,დელტას“ სუპერლიგის კარი გაუღო. რადგან ,,დელტა“ პირად შეხვედრებში მეორე ადგილზე მყოფ თსუ-,,ჰიუნდაის“ 2:1 უგებს, დარჩენილი ორი შეხვედრიდან, სადაც იგი ,,ტიტებსა“ და აუტსაიდერ სეუ-ს უნდა შეხვდეს, აქედან სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვებაც ყოფნის.
დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ,,ტიტების“ ამერიკელი ლეგიონერები რაიან არონი ( 23 ქულა, 9 მოხსნა) და არმანი ფლანიგანი ( 22 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ. სტუდენტების მხრიდან კი ყველაზე მეტი 20 ქულა სანდრო სანაძემ დააგროვა.
სატურნირო მდგომარეობა 13 ტურის შემდეგ
| 1 | მარნეული | 13 | 10 / 3 | 990 / 899 | 23 |
| 2 | თსუ-ჰიუნდაი | 13 | 9 / 4 | 1006 / 872 | 22 |
| 3 | არენა-76 | 13 | 8 / 5 | 1090 / 1001 | 21 |
| 4 | ტიტები | 13 | 7 / 6 | 1007 / 944 | 20 |
| 5 | წყალტუბო | 13 | 5 / 8 | 1024 / 1096 | 18 |
| 6 | სეუ | 13 | 0 / 13 | 865 / 1170 | 13 |







