ლეგენდარული დიდიე დროგბა აქტიურ სპორტს უბრუნდება - როგორც 39 წლის ფეხბურთელმა საზოგადოებას საკუთარი ტვიტერის გვერდიდან აცნობა, კარიერას ამერიკაში, კერძოდ, ქვედალიგელ „ფინიქს რისინგში“ გააგრძელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გააფორმა კოტ დივუარელმა ახალ კლუბთან.
„ბედნიერი ვარ იმის გამოცხადებით, რომ შეთანხმებას „ფინიქს რისინგთან“ მივაღწიე - ჩვენი მიზანი MLS-ში გადასვლაა, რაც შეიძლება მალე“, - დაწერა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
დიდიე დროგბა ბოლოს „მონრეალ იმპატჩის“ ღირსებას იცავდა, რომელიც 2016 წელს დატოვა და იქედან მოყოლებული უგუნდოდ იმყოფებოდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, დიდიეს ლონდონის „ჩელსიში“ აქვს გატარებული, რომლის რიგებშიც 2004-2012 და 2014-2015 წლებში გამოდიოდა.







