კალათბურთში საქართველოს თასის მფლობელმა ,,დინამომ“ ბათუმს უმასპინძლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე სეზონში ,,დინამომ“ ვადაზე ადრე გაინაღდა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი, ხოლო ზღვისპირელები აუტსაიდერთა შორის იმყოფებიან და სუპერლიგაში დასარჩენად მოუწევთ ბრძოლა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ.
პროგნოზი გამართლდა. ,,დინამომ“ დიდი ანგარიშით 106:82 შეძლო მეტოქის დამარცხება და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლის პირველი ნახევარიც ,,დინამომ“ 21 ქულის სხვაობით 61:40 მოიგო. სტუმრებმა მესამე მეოთხედში გაიბრძოლეს და დროის ამ მონაკვეთში 4 ქულის სხვაობით 23:19 შეძლეს მეტოქის დამარცხება , მაგრამ ბოლო მეოთხედში ისევ ,,დინამო“ დაეუფლა უპირატესობას და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 106:82 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა ,,დინამოს“ ამერიკელმა ლეგიონერმა , უკანახაზელმა დეონტა ვონმა დააგროვა. ასევე კარგი შედეგი ჰქონდა მის თანაგუნდელ ლევან ფაცაციას, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია.
სტუმართა შორის 15 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო. 13 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა იგორ კრივცოვმა შეასრულა.
,,დინამო“ - ,,ბათუმი“ 106:82 (31:22, 30:18, 19:23, 26:19)







