ავტოსპორტი

2:50 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

წარმატების ბალასტი კომინის და ვერნეის

ბელგიის სპაზე ჩატარებული ორი რბოლის შემდეგ, TCR-ის საერთაშორისო სერიის მონცას ეტაპზე, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი სტეფანო კომინი და ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერი, ჟან-კარლ ვერნეი ეგრეთ წოდებული წარმატების ბალასტით იასპარეზებენ. ამ ორმა პილოტმა სპაზე შესაბამისად, პირველი და მეორე რბოლა მოიგეს.

კომინიმ ბელგიაში ყველაზე მეტ ქულას მოუყარა თავი. მან მოიგო კვალიფიკაცია და პირველი რბოლა, მეორე რბოლაში კი მესამე ადგილი დაიკავა. შვეიცარიელმა ჯამში 45 ქულა მოიპოვა, რამაც მონცას რბოლებისთვის 30-კილოგრამიანი ბალასტი „შესძინა“. ფრანგმა ვერნეიმ ბელგიურ ეტაპზე 39 ქულა აიღო და ამის გამო, იტალიაში 20-კილოგრამიანი ბალასტით ასპარეზობა მოუწევს.

სპაზე ქულების მოპოვების მხრივ, მესამე საუკეთესო ბელგიელი ბენჟამინ ლესენსი იყო, რომელმაც სულ 31 ქულა აიღო. ამისთვის მას 10-კილოგრამიანი ბალასტი „ეკუთვნოდა“, მაგრამ ის TCR-ის საერთაშორისო სერიის რეგულარული მონაწილე არაა (TCR-ის ბენელუქსის სერიაში ასპარეზობს) და შესაბამისად, მისი ბალასტიც არავის გაუნაწილდება.

ამგვარად, კომინის „აუდი RS3 LMS“ მონცაზე 1 360 კილოგრამამდე დამძიმდება. აქედან მინიმალური დასაშვები წონაა 1 285 კილოგრამი, რასაც ემატება სეზნს დაწყებამდე განსაზღვრული შესაძლებლობის ბალასტი (BoP - 45 კილოგრამი), რომელიც მის მანქანას მთელი სეზონის განმავლობაში დაამძიმებს და 30 კილოგრამი წარმატების ბალასტი - 30 კილოგრამი.

ვერნეის „ფოლკსვაგენ გოლფის“ წონა 1 315 კილოგრამი იქნება. აქედან 1 285 კილოგრამი მინიმუმია, რასაც ემატება 10-კილოგრამიანი შესაძლებლობის ბალასტი (BoP) და 20-კილოგრამიანი წარმატების ბალასტი.

TCR-ის საერთაშორისო სერიის მონცას ეტაპზე, პარასკევს თავისუფალი პრაქტიკები გაიმართება, შაბათს კვალიფიკაცია და პირველი რბოლაა, კვირას კი - მეორე რბოლა.

0.164209