ლუის ჰამილტონმა, „მერსედესის“ გუნდის მიერ კარგად შერჩეული სტრატეგიის წყალობით, დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს და ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო. ამგვარად, მეოთხედი სეზონის შემდეგ, ის ფეტელს 6 ქულით ჩამორჩება.
„ასეთი უნდა იყოს რბოლები და მე ეს მომწონს. სპორტს ყოველ რბოლაში ასეთი პაექრობა სჭირდება. მასთან, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთან ასეთი მჭიდრო ბრძოლა განსაკუთრებული იყო“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 55-ე გამარჯვებაა.
ფეტელმა ყველაფერი იღონა, რათა ჰამილტონისთვის გამრჯვების საშუალება არ მიეცა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ის მეტოქეს ფინიშთან 3.4 წამით ჩამორჩა. არადა, გერმანელმა შესანიშნავი სტარტი აიღო - სტარტზე უკეთესი რეაქცია გამოავლინა და პირველ მოსახვევშიც ყველაზე ადრე შევიდა.
პიტ სტოპებამდე ფეტელი საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობდა. მან რეზინი პირველად მე-15 წრეზე შეცვალა. ჰამილტონმა კი ეს 7 წრის დაგვიანებით გააკეთა. ამის შემდეგ, მათ ბრძოლაში ვალტერი ბოტასი ჩაერია, რომელსაც გუნდმა საბურავების შეცვლა კიდევ უფრო გადაუდო. ფინელმაც, ძველი საბურავებით მაქსიმალურად შეაკავა ფეტელი. ამ დროს ჰამილტონი მისგან 4.5 წამში იყო.
აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სტოპის შემდგ, ფეტელი ტრასაზე ისევ რბილი რეზინით დაბრუნდა, ჰამილტონის ბოლიდს კი მედიუმები ჩააცვეს. სწორედ აქედან დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც ნარბოლევს ნიკი ლაუდამ თავის პილოტს შეუქო - სტრატეგია შესანიშნავი იყო, მაგრამ რბოლა ლუისმა გადაარჩინაო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის თავგამოდებას ისიც მოწმობს, რომ გუნდთან რადიოკავშირის დროს, მას სუნთქვა გაძნელებული ჰქონდა. რბოლის შემდგ თავადაც აღიარა, რომ მძიმე ბრძოლაში უჩვეულოდ დაიქანცა.
მეორე სტოპი ჰამილტონმა უფრო ადრე შეასრულა, როცა ფელიპე მასას და სტოფელ ვანდოორნის შეჯახების შემდეგ, ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ჩაირთო. ერთი წრის შემდეგ, როცა რბოლა უკვე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, ბოქსებში ფეტელიც შევიდა, ტრასაზე დაბრუნებულს კი ჰამილტონის შეტევის მოგერიება მოუხდა. გერმანელ პილოტს რბოლის დასკვნით ნაწილში ასპარეზობა მედიუმ საბურავებით უწევდა, რამაც რბილი რეზინით მყოფ ჰამილტონს გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. და მან ის 44-ე წრეზე გამოიყენა, რომლის პირველი მოსახვევის წინ, სლიპ სტრიმით და DRS-ით შეძლო მეტოქის ჩამოტოვება.
აქედან მოყოლებული, ჰამილტონს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია. ბოლო ათ სეზონში ის პირველი პილოტია, ვინც ესპანური რბოლის მოგება მეორედ შეძლო.
„რვა წამით ვუსწრებდი და უცებ... წარმოდგენ არ მაქვს, ასეთი უპირატესობის დაკარგვა როგორ მოვახერხე“, - კვარცხლბეკზე პედრო დე ლა როსასთან სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ფეტელმა, ვისაც ჰამილტონის მსგავსად, ამ სეზონში ორი რბოლა აქვს მოგებული.
გამარჯვებულს წუთით და 15 წამით ჩამორჩა მესამეზე გასული დანიელ რიკარდო, ვინც დაჯილდოებისთანავე აღიარა, რომ კვარცხლბეკზე სხვების უიღბლობის გამო შეძლო ასვლა. ის ერთადერთი პილოტია, ვისი წრეზე ჩამოტოვებაც ჰამილტონმა და ფეტელმა ვერ შეძლეს.
რბოლა ვერ დაასრულეს ვალტერი ბოტასმა, კიმი რაიკონენმა და მაქს ფერსტაპენმა. „მერსედესის“ პილოტს ძრავმა უმტყუნა, რაიკონენს და ფერსტაპენს კი პირველივე მოსახვევში მოუვიდათ შეჯახება, რამაც ორივეს მანქანა დააზიანა. ეს კი ასე მოხდა: რაიკონენი პირველ მოსახვევში შესვლამდე ბოტასის გასწრებას ლამობდა და მათ შორის მცირე კონტაქტი მოხდა. შეჯახებამ კიმის მანქანას მარცხნივ უბიძგა, სადაც მას ფერსტაპენი „ელოდა“. „ფერარი“ და „რედ ბული“ ბორბლებით დაეჯახნენ ერთმანეთს. ორივე დაზიანდა და გაჩერდა.
შესანიშნავად იასპარეზეს „ფორს ინდიას“ სერხიო პერესმა და ესტებან ოკონმა, რომლებმაც მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. რბოლის კიდევ ერთი გმირი პასკალ ვერლაინია, რომელმაც მეშვიდე ადგილით, „ზაუბერს“ ექვსი ქულა შესძინა და კონსტრუქტორთა თასზე ბოლო ადგილისგან თავი დააღწევინა.
ბოლოზე კი... „მაკლარენმა“ გადაინაცვლა, რომელიც კვლავ უქულოდ დარჩა. ქულების მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, მაგრამ პირველ მოსახვევში მას ფელიპე მასას დაეჯახა, რამაც ესპანელს, ვინც სტარტი მე-7 პოზიციიდან აიღო, რამდენიმე ადგილი დააკარგვინა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მხოლოდ მე-12 ადგილს დასჯერდა.
ესპანეთის დიდი პრიზი
მონტმელო (ბარსელონა), დისტანცია 307.104 კმ (4.655 კმ, 66 წრე)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35:56.497
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:03.490
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:15.820
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 2 წრე
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 2 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 2 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 28 წრე
გ. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 33 წრე
გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 65 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 65 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:23.593, 64-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 104 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 98; 3. ვალტერი ბოტასი - 63; 4. კიმი რაიკონენი - 49; 5. დანიელ რიკარდო - 37; 6. მაქს ფერსტაპენი - 35; 7. სერხიო პერესი - 34; 8. ესტებან ოკონი - 19; 9. ფელიპე მასა - 18; 10. კარლოს საინსი - 15; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 14; 12. რომენ გროჟანი - 5; 13. პასკალ ვერლაინი - 4; 14. კევინ მაგნუსენი - 4; 15. დანილ კვიატი - 4
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 161 ქულა; 2. ფერარი - 153; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 72; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 53; 5. ტორო როსო-რენო - 19; 6. უილიამს-მერსედესი - 18; 7. რენო - 14; 8. ჰაას-ფერარი - 9; 9. ზაუბერ-ფერარი - 6; 10. მაკლარენ-ჰონდა - 0







