საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 41-ე ნომერი ბორნა ჩორიჩი მძიმე ბრძოლაში 6:4, 5:7, 6:4 დაამარხა.
შეხვედრა 2 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ნიკამ პირველი სეტი იოლად მოიგო, მეორე სეტსაც და მთლიანად მატჩსაც იგებდა, თუმცა 5:4-ზე ქართველის სასარგებლოდ, ბასილაშვილმა თავის ჩაწოდებაზე 7 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ნერვებმაც უმტყუნა და სეტი წააგო. ნიკოლოზმა გადამწყვეტ პარტიაში ერთი ბრეიკი შეასრულა, რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ნიკამ 14 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ჩორიჩმა 9-დან სამი. შეხვედრაში სულ 218 ქულა გათამაშდა, საიდანაც ბასილაშვილმა 112 მოიგო, ხოლო ბორნამ 106.
ტურნირის 1/8-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ანდრეა სეპისა და დამირ ჯუმურს შორის გამარჯვებული იქნება.
ლიონის ღია ტურნირის 250-ქულიანი გახლავთ და პირველ ნომრად მილოშ რაონიჩია განთესილი. მეორე ნომერი ჟო-ვილფრიდ ცონგაა.







