ავტოსპორტი

23:03 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენმა „ფერარისთან“ კონტრაქტი გააგრძელა

კიმი რაიკონენი მომავალ სეზონსაც „ფერარიში“ გაატარებს. იტალიურმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ფინელ პილოტთან ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი, რომელსაც ვადა ამ სეზონის ბოლოს გასდიოდა.
ამგვარად, „ფერარი“ ყურადღებას სებასტიან ფეტელზე გადაიტანს, რომლის კონტრაქტი ასევე ამ სეზონის ბოლოს იწურება. მარანელოელებს გერმანელთან ახალი მრავალწლიან კონტრაქტის გაფორმება სურთ.

ფ1-ის ახალი, უფრო სწრაფი მანქანები რაიკონენის უკეთ მოერგო და მან რამდენიმე რბოლაში თავი გამოიჩინა. მათ შორის მონაკოში, სადაც პოულ პოზიცია მოიპოვა. „ფერარის“ ბოლო ჩემპიონმა რამდენჯერმე კვარცხლბეკზე ასვლაც შეძლო, თუმცა საერთო ჯამში, ფეტელს ქულებით კონკურენციას ვერ უწევს. ამიტომ იტალიური კომპანიის პრეზიდენტმა სერჯო მარკიონემ ავსტრიული რბოლის წინ მიანიშნა, თუ კონტრაქტის გაგრძელება გინდა, შედეგები გააუმჯობესეო.

„ჩემი აზრით, კიმი ამ სეზონში უკეთ ასპარეზობს, მაგრამ არის მომენტები, როცა მოდუნდება ხოლმე. არის დღეები, როცა ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს. მაგრამ ვნახოთ“, - ავსტრიაში რბოლის წინ განაცხადა მარკიონემ, რომელმაც ზაფხულის არდადეგების წინ, არჩევანი მაინც ფინელ პილოტზე გააკეთა. უფრო მეტიც, ის არ მალავდა, რომ ორივე პილოტის შენარჩუნებას აპირებს:

„სებასტიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არც დამიმალავს. თუ მას დარჩენა სურს, მაშინ ამას მივესალმებით. კიმისთან დაკავშირებითაც, ყველაფერი გარკვეული გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ მას დარჩენა სურს. იმედია, ორივე ჩვენთან დარჩება“.

ცნობილია, რომ ფეტელს რაიკონენის „ფერარიში“ დარჩენა სურდა. უფრო მეტიც, არაოფიცალური ინფორმაციით, „ფერარისთან“ მისი მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობა, ფინელის შენარჩუნება იყო.

დაბოლოს, „ფერარის“ აქვს ტრადიცია, რომლის შესაბამისადაც, შემდგომი სეზონისთვის თავისი პილოტების შესახებ ინფორმაციას, იტალიის დიდი პრიზის დღეებში აქვეყნებს. მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვა. ნაწილობრივ მაინც...

რაიკონენი „ფერარის“ ბოლიდით მსოფლიო ჩემპიონი 2007 წელს გახდა, როცა თითო ქულით აჯობა „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსოს და ლუის ჰამილტონს. 2009 წლის ბოლოს, „ფერარიმ“ მის ადგილზე ალონსო მიიწვია, რის გამოც, კიმიმ ფორმულა 1 დატოვა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაერთო. 2012 წელს ფ1-ს დაუბრუნდა და „ლოტუსის“ ბოლიდით თავის კარიერაში ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება ავსტრალიაში, 2013 წელს მოიპოვა. 2014 წლიდან ისევ „ფერარიშია“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092927