ლუის ჰამილტონმა თავის ფორმულა 1-ის კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ შედეგს მიაღწია - ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის მოგებით, მოპოვებული პოულ პოზიციების რიცხვი 68-მდე გაზარდა, რითაც მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა. ამასთან, მისი შედეგი - 1 წუთი და 42.553, სპას ტრეკზე ყველა დროის რეკორდია. ამასთან, ჰამილტონის პოულის დრო 4 წამზე მეტით სჯობს ნიკო როსბერგის შარშანდელი პოულის დროს!
ჰამილტონი კვალიფიკაციის სამივე ნაწილში ყველაზე სწრაფი იყო. მესამეს დასაწყისშივე, ტრასის რეკორდული დრო აჩვენა, თუმცა რომ არა მეორე, კიდევ უფრო სწრაფი წრე, პოული მის მთავარ მეტოქეს, სებასტიან ფეტელს დარჩებოდა. გერმანელი კარგა ხანს მისი თანაგუნდელის კიმი რაიკონენის ჩრდილში იყო, თუმცა ბოლო ცდაზე შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ ჰამილტონთან მხოლოდ 0.242 წამი დათმო.
სტარტზე მეორე რიგშიც „ფერარის“ და „მერსედესის“ პილოტები დადგებიან. ვალტერი ბოტასი კვალიფიკაციაში მესამე უსწრაფესი იყო, რაიკონენი კი მეოთხე დროს დასჯერდა. ორივე თავ-თავის თანაგუნდელს დაახლოებით ნახევარი წამით ჩამორჩა. მხოლოდ მეხუთე დროს დასჯერდა მაქს ფერსტაპენი, თუმცა რაიკონენამდე მხოლოდ 0.110 წამით ჩამორჩა.
ათეულში კიდევ ორი გუნდის ორ-ორი პილოტი შევიდა. და თუ „ფორს ინდიასგან“ ეს არავის გაკვირვებია, „რენოსთვის“ ეს ნამდვილი მიღწევაა. ფრანგული გუნდი აშკარად შედის ფორმაში და არაა გამორიცხული, რომ მალე ტიტულის მაძიებელთა რიგებს დაუბრუნდეს.
რაც შეეხება ჰამილტონს, სპას რბოლა მისთვის მე-200 იქნება ფ1-ის კარიერაში. სამწუხაროდ, თავად შუმახერს, ვინც თავისი 68-ე პოული საფრანგეთის პოლ რიკარზე, 2006 წელს მოიპოვა, ბრიტანელისთვის მილოცვის საშუალება არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მისი ოჯახისგან მილოცვა ჰამილტონს ფორმულა ერთის მმართველმა დირექტორმა, როს ბრაუნმა გადასცა. შეგახსენებთ, რომ ჰამილტონმა 2013 წელს „მერსედესში“ სწორედ შუმახერი შეცვალა.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:42.553
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:42.795
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:43.094
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:43.270
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:43.380
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.863
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:44.982
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:45.244
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:45.369
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:45.090
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:45.133
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:45.400
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:45.439
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:45.823
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:46.028
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:46.915
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:47.214
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:47.679









