ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის წინ, „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან, კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. მოკლე განცხადებაში არაფერია ნათქვამი ახალი კონტრაქტის პირობებზე. ამგვარად, წერტილი დაესვა ვარაუდს იმაზე, რომ იტალიურ გუნდში შესაძლოა ლუის ჰამილტონი, ან ფერნანდო ალონსო გვეხილა.
საერთოდ, მარანელოელები თავიანთ პილოტებთან დაკავშირებულ სიახლეებზე განცხადებას იტალიის დიდი პრიზის დღეებში აქვეყნებენ ხოლმე, თუმცა ამჯერად ეს მონცამდე ერთი კვირით ადრე გააკეთეს. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩემპიონატის განახლებისთანავე, „ფერარი“ მთელ ყურადღებას ფეტელისთვის საჩემპიონო ბრძოლაში მხარდაჭერაზე გადაიტანს. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე ცხრა რბოლით ადრე, ჩემპიონატის ლიდრი ფეტელი ჰამილტონს 14 ქულას უგებს.
სხვათა შორის, „მერსედესის“ არააღმასრულებელმა დირექტორმა ნიკი ლაუდამ აღიარა, რომ სამქიმიანებს სეზონის დასაწყისში მოლაპარაკება ჰქონდათ ფეტელთან, თუმცა „ფერარის“ კონკურენტუნარიანობამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. „ვფიქრობ, ყველა პილოტი, თუ ის საზრიანია, მოლაპარაკებას ერთზე მეტ გუნდთან აწარმოებს ხოლმე. ამ დროს მას უკეთესი პოზიცია უკავია. სწორედ ასე მოიქცა სებასტიანი“, - ამბობს ლაუდა.
ფეტელამდე რამდენიმე დღით ადრე, „ფერარისთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა გუნდის ბოლო ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა.









