ფეხბურთი

20:05 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ვიდეორეფერის წინააღმდეგ: “ეს წყალბურთია!”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ვიდეორეფერის ფეხბურთში დამკვიდრების წინააღმდეგია. როგორც ლეგენდარულმა კიპერმა განაცხადა, ასე ფეხბურთი წყალბურთს დაემსგავსება.

მოკლედ, სჯობს, 39 წლის კარის დარაჯს მოვუსმინოთ:

“თავიდან გვითხრეს, რომ ვიდეორეფერი მხოლოდ თამაშგარეების და გოლის დროს იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ ახლა საჯარიმოში ლამის ყველა შეჯახებაზე ხდება მისი ჩარევა. ეს არ არის ფეხბურთი, მაგრამ ძალიან ჰგავს წყალბურთს. გარდა ამისა, ვიდერეფერის გამოყენება ბევრ დროს მოითხოვს – როდესაც, პენალტი ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნა, კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან ეპიზოდის განხილვას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდა.

“იუვენტუსი” შემტევი გუნდია და შესაბამისად, მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტ დროს ატარებს. გასულ სეზონში “იუვემ” მხოლოდ 3 თერთმეტრიანი დაარტყა, მაგრამ ახლა ვიდეორეფერის ეპოქაში შესაძლოა სეზონში 55 პენალტი შევასრულოთ. რა თქმა უნდა, არის იმის შანსი, რომ ჩვენს კარში 15 თერთმეტრიანი დაინიშნოს, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ამით კმაყოფილი არ ვარ – ეს ფეხბურთს ხიბლს უკარგავს. გამოსავალი კი იმაში იქნება თუ ვიდეორეფერი მხოლოდ სადაო გოლების და თამაშგარეების დროს იქნება გამოყენებული”, - უთხრა იტალიურ მედიას ჯიჯიმ.

შეგახსენებთ, ვიდეორეფერი იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში დაინერგა. პირველ-ორ ტურში “იუვენტუსის” კარში სწორედ ამ საშუალების გამოყენებით ორი პენალტი დაინიშნა, თუმცა ერთი შეცდომით (“ჯენოასთან” შეხვედრაში გენუელი ფეხბურთელი თამაშგარეში იყო, მაგრამ ვიდეორეფერიმ ეს ვერ შეამჩნია). ერთი პენალტი იმავე ტექნოლოგიის გამოყენებით თავის მხრივ ტურინელებმაც შეასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088779