ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბელგიური ეტაპი, რომელიც სპა ფრანკორშანზე ჩატარდა. ბრიტანული პილოტისთვის ეს კარიერაში მე-200 რბოლა იყო და ის გამარჯვებით აღნიშნა. ეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 რბოლაში მეხუთე და კარიერაში მოპოვებული 58-ე გამარჯვებაა.
ჰამილტონი სტარტიდანვე დაწინაურდა და ლიდერობა ორიოდე წრით, მხოლოდ მაშინ დათმო, როცა პიტ სტოპი შეასრულა. ტრასაზე დაბრუნებულს კი, ახალი საბურავებით კიმი რაიკონენის გასწრება არ გასჭირვებია. სებასტიან ფეტელი მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერის სიახლოვეს იყო და ერთხელ, რესტარტის შემდეგ, მისი გასწრებაც სცადა.
ორუჟის და რადიიონის ჩქაროსნული მოსახვევების შემდეგ, კემელის სწორზე გერმანელმა ლიდერს სლიპ სტრიმით შეუტია და გვერდშიც ამოუდგა. თუმცა ჰამილტონმა ლე კომბსის S-მოსახვევის წინ, უკეთესი ტრაექტორიის ხარჯზე შეძლო პოზიციის შენარჩუნება და აქედან მოყოლებული, მეტოქისთვის შეტევის შანსი აღარ მიუცია.
„სებასტიანმა დიდი ბრძოლა გამიმართა, მაგრამ რბოლის წინ ვთქვი, რომ ტრასაზე მოსაგებად გამოვდიოდი და პირობა შევასრულე კიდეც“, - რბოლის შემდგომ პრეს კონფერენციაზე განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა. ჩემპიონატის ლიდერი გამარჯვებულს 2.3 წამით ჩამორჩა. მან განაცხადა, რომ ყოველ წრეზე ჰამილტონის შეცდომას ელოდა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, ფეტელი მხოლოდ რბოლის უსწრაფეს წრეს დასჯერდა. ის ახლა უკვე მხოლოდ 7 ქულას უგებს ჰამილტონს. თუმცა, „სკაი სპორტსის“ კომენტატორებმა ისიც შეგვახსენეს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, ფეტელი ჩემპიონატის ლიდერი ყოფილიყოს და იმ სეზონში ჩემპიონის ტიტული სხვისთვის დაეთმოს.
მესამე ადგილი დანიელ რიკარდომ დაიკავა, რომელმაც იმავე კემელის სწორზე, ვალტერი ბოტასი ჩამოიტოვა. „მერსედესის“ პილოტს ლე კომბსამდე რაიკონენმაც გაასწრო და საბოლოოდ, ბოტასი მეხუთე ადგილს დასჯერდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის ყოფნისას, ორის გარდა, ყველა პილოტი ულტრა რბილ საბურავებზე გადავიდა. გამონაკლისები მხოლოდ „მერსედესის“ პილოტები იყვნენ, რომლებმაც რბილებით გააგრძელეს ასპარეზობა.
კვლავ ვერ შეძლო რბოლის დასრულება მაქს ფერსტაპენმა, რომლის საქომაგოდაც ტრიბუნებზე 40 ათასზე მეტმა ჰოლანდიელმა მოიყარა თავი. მან ასპარეზობა მერვე წრეზე შეწყვიტა. ფერსტაპენს კვლავ ტექნიკამ უმტყუნა. განვლილი 12 რბოლიდან მან მეექვსეს დასრულება ვერ შეძლო.
შემთხვევა კი, რომელსაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა, 29-ე წრე მოხდა. ლა სურსის შემდგომ სწორზე, „ფორს ინდიას“ პილოტებმა გზა ვერ გაიყვეს. სერხიო პერესმა მოსახვევში შეძლო ესტებან ოკონის ჩამოტოვება. მაგრამ ფრანგმა არ დაუთმო და სწორზე შეუტია. ერთ მომენტში, მისი მანქანის წინა მარცხენა ფრთა, პერესის მანქანის უკანა მარჯვენა ბორბალს შეეხო. ტრასა წამში ნამსხვრევებით გაივსო. პერესის მანქანა კი სამ ბორბალზე დარჩა. ყოველივეს მიუხედავად, ორივე პილოტმა შეძლო რბოლის გაგრძელება და თუ ოკონმა ქულებშის ზონაშიც შეაღწია, რბოლის ბოლოს პერესს ბოქსებში გასაჩერებლად უხმეს.
კვლავ არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო და რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია. მაგრამ ისევ „ჰონდას“ სუსტი და არასაიმედო ძრავის გამო, მალევე დათმო მონაპოვარი და დაახლოებით შუა დისტანციაზე რბოლას გამოეთიშა.
ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24:42.820
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:2.358
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:10.791
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:14.471
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:16.456
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 00:28.087
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 00:31.553
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:36.649
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 00:38.154
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:39.447
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 00:48.999
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 00:49.490
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 00:53.239
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 00:57.078
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:07.262
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:09.711
17გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 3 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 19 წრე
გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 37 წრე
გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 43 წრე
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:46.577 (41-ე წრე, 236.583 კმ/სთ)
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 220 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 213; 3. ვალტერი ბოტასი - 179; 4. დანიელ რიკარდო - 132; 5. კიმი რაიკონენი - 128; 6. მაქს ფერსტაპენი - 67; 7. სერხიო პერესი - 56; 8. ესტებან ოკონი - 47; 9. კარლოს საინსი - 36; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 11. ფელიპე მასა - 27; 12. რომენ გროჟანი - 24; 13. ლანს სტროლი - 18; 14. კევინ მაგნუსენი - 11; 15. ფერნანდო ალონსო - 10; 16. პასკალ ვერლაინი - 5; 17. დანილ კვიატი - 4; 18. სტოფელ ვანდოორნი - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 392 ქულა; 2. ფერარი - 348; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 199; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 103; 5. უილიამს-მერსედესი - 45; 6. ტორო როსო-რენო - 40; 7. ჰაას-ფერარი - 35; 8. რენო - 34; 9. მაკლარენ-ჰონდა - 11; 10. ზაუბერ-ფერარი - 5









