ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის ცენტრალური მატჩი ლიტვის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბალტიისპირელებმა იტალიას, რომელიც აქამდე წაუგებლად თამაშობდა, დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს.
შეხვედრაზე გადამწყვეტი ზეგავლენა მეორე პერიოდმა მოახდინა – ლიტვამ მეტოქე ყველა ასპექტში დაჩაგრა და 18:9 მოუგო. როგორც შემდგომ გაირკვა, “სკუადრა აძურამ” აღნიშნული ჩამორჩენა ვერ ამოიღო და ევრობასკეტზე პირველი მარცხი განიცადა. არადა, ეტორე მესინას გუნდმა სამი მეოთხედის განმავლობაში ლიტვაზე უკეთ ითამაშა, მაგრამ ერთი ჩავარდნა, წაგებად დაუდჯა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონმა იტალიას სამწამიანში მოპოვებული უპირატესობით აჯობა. აპენინელთაგან კი, ჯიჯი დატომეს ძალისხმევა საკმარისი არ გამოდგა. არადა, დატომემ 24 ქულა დააგროვა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
ლიტველთაგან ვალანჩუნასი გახლდათ ყველაზე ეფექტური, ხოლო ყველაზე შედეგიანად იუსკევიჩუსმა ითამაშა – 21 წუთში საკუთარ გუნდს 20 ქულა მოუტანა.
ახლა, იტალიასაც და ლიტვასაც ორ-ორი მოგება და თითო წაგება აქვთ. მომდევნო ტურის მატჩები B ჯგუფში 5 სექტემბერს გაიმართება.
ლიტვა – იტალია 78:73 (23:23, 18:9, 16:17, 21:24)