ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი დარწმუნებულია, რომ კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერას არაფერი ემუქრება და მისი მომავალი ნათელი იქნება.
58 წლის სპეციალისტი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს და ჟურნალისტებმა ბექჰემს კომენტარი ამასთან დაკავშირებით სთხოვეს:
„მე მიყვარს კარლო. ის ჩემთვის საუკეთესოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე წარმატებული საფეხბურთო მწვრთნელია. მას ყველაფერი კარგად ექნება“.
კარლო ანჩელოტი „ბაიერნს“ 2016 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონატი და ორი სუპერთასი მოიგეს.









